თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2022 10:27
თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შერიგებისა და ჩართულობის, ისევე, როგორც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების, ასევე შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული გზების განხილვა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ორივე პოლიტიკის განხორციელების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ, უფლებრივ მდგომარეობას და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეშ დარღვევებს.

აღნიშნულ კონტექსტში, განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობასა და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე. მან ხაზი გაუსვა 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის ხუთი ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები განხორციელებულ საქმიანობასთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ორივე მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ინტენსიური და მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევაჯამეთ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებსა და გამოკვეთილ ტენდენციებზე, ისევე, როგორც დავსახეთ ჩვენი სამომავლო თანაშრომლობის ერთიანი ხედვა. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით და ცალსახად აღინიშნა მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე, როგორც მხარდაჭერა ჩართულობისა და შერიგების, ნდობის აღდგენის პოლიტიკის განხორციელების მიმართ. ასევე, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმართ, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.