ნიკა მელია - არაფორმალური მმართველობა როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი, ასევე დაუშვებელია, ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს ჰქონდეს სურვილი, თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2022 16:28
ნიკა მელია - არაფორმალური მმართველობა როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი, ასევე დაუშვებელია, ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს ჰქონდეს სურვილი, თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა

 

არაფორმალური მმართველობა როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი, მათ შორის დაუშვებელია, ნებისმიერ პოლიტიკურ, ოპოზიციურ პარტიაში, ვინმეს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა, თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა, ანუ ჩრდილოვანი მმართველობა, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის შესაძლებლობას არავის მისცემს.

„მე ბევრჯერ ვისაუბრე და ვისაუბრებ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს განცხადებაზე და მოსაზრებებზე, რა თქა უნდა, კონკრეტულ ფაქტებზე. როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი არაფორმალური მმართველობა, მათ შორის დაუშვებელია, ნებისმიერ პოლიტიკურ, ოპოზიციურ პარტიაში, ვინმეს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა, რომ თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა, ანუ ჩრდილოვანი მმართველობა, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობაში“. არც მიმიცია ვინმესთვის ამის შესაძლებლობა და არც მომავალში მივცემ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას, ნიკა მელიას განმარტებით, მისთვის გასაკვირი არაა, „ისეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც ჭიაბერაშვილია, ჰქონდეს პრეტენზია, საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრიროს“.

ნიკა მელიას განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს პროცესში მონაწილეობა.

„რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნებისმიერ კანდიდატს, ნებისმიერ მსურველს, მით უფრო, ისეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც არის ბატონი ჭიაბერაშვილი, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, მიიღოს მინაწილეობა ან ჰქონდეს პრეტენზია, რომ საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრიროს. აქ არაფერია ჩემთვის გასაკვირი. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ, ზეგ, კიდევ დამატებითი ადამიანები გამოჩნდნენ. საზოგადოება ბევრ რამეს ხედავს, ბევრს დაინახავს, მე ახლა ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, ჭიაბერაშვილი ვინმეს პროექტია, თუ ვინმეს დავალებას ასრულებს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა პროცესში, დაარწმუნოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები, რომ ისინი დარეგისტრირდნენ კანდიდატებად და ამის შემდეგ უნდა გაიმართოს დემოკრატიული პაექრობა. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და გააზრებულ არჩევანს გააკეთებენ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს მომავალში ბევრ დამატებით ამომრჩეველს დაიმატებს. ვფიქრობ, ეს პროცესი დაიწყო აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით, უკონტექსტოდ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი იყო მთავარი პრიორიტეტი. რახან მოხდა, მოხდა. მნიშვნელოვანია, ამ პროცესიდან პარტია გამოვიდეს მნიშვნელოვნად გაძლიერებული და ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.