
მიხეილ სააკაშვილს თუ სურს, მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციაში, მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ამაზე თანხმა ვართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.
„სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმის ფარგლებში. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება ნორმის ფარგლებში. თქვენ ალბათ იხილეთ, პაციენტმა შეძლო ონლაინჩართვა. გუშინ გაჟღერებული ვერსიასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფოდ სარეანიმაციოა თუ რაღაც, დაინახავდით, რამდენად არის პაციენტი სარეანიმაციო. გუშინ დილიდანვე შედგა კონსილიუმი, ინახა პაციენტი სხვადასხვა ექიმის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა, გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც იმყოფება ახლა. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, გაჟღერდა, როგორც შემდეგ ახსნა მკურნალმა ექიმმა, თითქოს იყო მოთხოვნა, რომ თანახმა იქნებოდა მკურნალობაზე, თუ იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილს სურს რეანიმაციაში მკურნალობა, ამაზე კლინიკა თანახმაა.
„ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს. ყოველთვის გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან. თუ პაციენტს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. ეს მინდა, გაიგოთ კარგად. ჩვენთვის არ არის პრობლემა, გვეყოლება რეანიმაციაში თუ ინტენსიურ პალატაში. მთავარია, პაციენტის მდგომაროება გაუმჯობესდეს, დაგვთანხმდეს მკურნალობაზე და მიიღოს ის შესაბამისი მკურნალობა. რამდენადაც დღეს ვიცი, მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადასვლის სურვილი ნაკლებად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინაც, დღესაც პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, თუ ეს იქნება მოთხოვნა, რომ მკურნალობას დათანხმდება, თუ იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკა ამაზე თანახმაა. ჩვენი ამოსავალი არის პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, რასაც თვითონ ირჩევს, რაზეც დაგვთანხმდება, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
კითხვაზე, ამ ეტაპზე იღებს თუ არა მკურნალობის სრულყოფილ კურსს სააკაშვილი, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ის იღებს ძალიან მცირე რაოდენობის, მცირე კალორაჟიან საკვებს.
„რა თქმა უნდა, რეკომენდებული იყო ამ კალორაჟის გაფართოება. კალორაჟი არის გათვლილი იმ რაოდენობით, რომ ის არის მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი ოდენობა. ვინაიდან ასევე იყო საუბარი, რომ უჭირს ყლაპვა, გაძნელებული აქვს ყლაპვა, აქვს გულისრევა, ღებინება, შეთავაზებულ იქნა, რომ როგორმე შეგვევსო ეს რესურსები პარენტერალურ კვება დაგვეწყო“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე.
„რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, მინდა, გამოვეხმაურო ექსპერტ მარიამ ჯიშკარიანს. ითქვა რომ კლინიკას თურმე არ ჰქონია პარენტერალური კვების მართვის გამოცდილება. იცით რა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც ამას აცხადებს რაღაც სპეციალობის ადამიანი, მგონი ფსიქიატრის სერტიფიკატი გააჩნია. ქალბატონი მარიამი არ არის პრაქტიკოსი ექიმი. ჩვენი კლინიკის ექიმების უმრავლესობა, გარდა იმისა, რომ ვართ თსსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, ვართ პრაქტიკოსი ექიმები. ჩვენ ათეულობით პაციენტი გაგვიტარებია, რომლებიც იმყოფებოდნენ პარენტერალურ კვებაზე და თუ ეს ქალბატონი ჯიშკარიანისთვის არის კოსმოსური საოცრება, ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. უნდა იცოდეს ეს ქალბატონმა ჯიშკარიანმა, როგორც ექსპერტმა. ექიმობას მას არავინ სთხოვს. რეანიმატოლოგის სერტიფიკატის მქონე ნებისმიერი ექიმი ვალდებულია და გააჩნია პარენტერალური კვების მართვის კომპეტენცია“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე კვლავ უარს ამბობს პარენტერალურ კვებაზე, თუმცა კლინიკა აბსოლიტურად მზად არის.
ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა სააკაშვილს სთავაზობს ყველაფერს, რათა უკეთესად გახდეს.
„რა თქმა უნდა, პაციენტი დასუსტებულია, სუსტად გრძნობს თავს, ამიტომაც ხშირად აქვს კოორდინაციის დარღვევის მომენტები იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იღებს იმ რესურსებს, რაც მისთვის აუცილებელია სასიცოცხლო ფუნქციების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, ამიტომ ვთავაზობთ მას ყველაფერს, რომ უკეთესად გახდეს. დამიჯერეთ, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა პაციენტის გამოჯანმრთელება. ნებისმიერ დროს ნებისმიერ, მომენტში ჩვენ თანახმა ვართ, გადავიყვანთ, სადაც მოითხოვს ჩვენი კლინიკის ფარგლებში. მე რამდენადაც ვიცი, დღეს გადასვლის სურვილი არ გამოუთქვამს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
კითხვაზე, თუ არის მუქარები ექიმების მიმართ და თუ დაიწერა საჩივარი,
„გუშინ ითქვა შიშებზე. არავის შიში. არავინ არის შეშინებული. უბრალოდ ითქვა, რომ ფაქტი არის ეს. რადგან ფაქტი არის ეს, შესაბამისი ორგანოები ამით დაინტერესდებან და გაარკვევენ, ვინ არის და რა უნდა“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |