საქართველოს საგარეო უწყება, თურქეთში მიწისძვრის გამო, საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2023 13:35
საქართველოს საგარეო უწყება, თურქეთში მიწისძვრის გამო, საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში მიწისძვრის გამო, ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს.

„თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ:

საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.