გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის ახალი, 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2023 18:22
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის ახალი, 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი, 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უკვე გახსნილია გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე.  სამუშაოები აქტიურად გრძელდება და  დარჩენილ 3 კმ მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება.

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით  იმოძრავებს.