შალვა პაპუაშვილი - საქართველომ აჩვენა, რომ მზადაა და იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ქართველმა ხალხმა, რომელმაც მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, უნდა მოისმინოს მკაფიო პასუხები
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2023 22:06
შალვა პაპუაშვილი - საქართველომ აჩვენა, რომ მზადაა და იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ქართველმა ხალხმა, რომელმაც მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, უნდა მოისმინოს მკაფიო პასუხები

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ინსტიტუტებისა და სისტემების ნატო-სთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მონაწილეობდა ნატო-ს საერთაშორისო მისიებში და იმსახურებს ალიანსის წევრობას.

პაპუაშვილის თქმით, ახლა გადაწყვეტილება ალიანსის წევრებმა უნდა მიიღონ.

„საქართველომ ნატო-ში წევრობაზე განაცხადი 20 წლის წინ გააკეთა და 15 წლის წინ ნატო-ს წევრებმა ბუქარესტში თქვეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდება. ამ 20 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, 15 წლის მანძილზე, რაც მივიღეთ დასტური მომავალ წევრობაზე, საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ინსტიტუტებისა და სისტემების ნატო-სთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ვაჩვენებთ, რომ არ გვინდა, ვიყოთ მხოლოდ უსაფრთხოების სისტემის მოსარგებლე, არამედ გვინდა, ვიყოთ კონტრიბუტორი. ამიტომ ვმონაწილეობდით და ვმონაწილეობთ ნატო-ს საერთაშორისო მისიებში. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, ყველა პარამეტრით აჩვენა, რომ საქართველო მზადაა და იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ახლა ნატო-ს წევრების მხარესაა გადაწყვეტილება, რომელიც მათ მისაღები აქვთ. როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, ასევე ნატო-ს შემთხვევაშიც, სულ მცირე უნდა იყოს მკაფიო – დროის გრაფიკია, რა კრიტერიუმებია. ქართველმა ხალხმა, რომელმაც ამდენი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, უნდა მოისმინოს მკაფიო პასუხები და მოლოდინები ნატო-სგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.