სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2023 23:03
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია

 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.