15 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იტალიელი სტეფანო სინიორონი (Stefano Signoroni) იმღერებს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2023 13:07
15 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იტალიელი სტეფანო სინიორონი (Stefano Signoroni) იმღერებს

 

ახალი წელი ახლოვდება და 15 დეკემბერს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია ჩაირთვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სპეციალურად ამ დღისთვის მსმენელის წინაშე წარდგება მომღერალი იტალიიდან სტეფანო სინიორონი (Stefano Signoroni) ბენდთან ერთად.

„მინდა, მივმართო მოსახლეობას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით, 15 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება ნაძვის ხის ანთების ცერემონია. საინტერესო საღამო იქნება. მოეწყობა სპეციალური თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს. ჯადოსნური შოუს დასასრულს მსმენელის წინაშე წარდგება ბენდი იტალიიდან, ჩვენი მეგობრები, სტეფანო სინორონი და, ვფიქრობ, საინტერესო საღამო იქნება მოსული ადამიანებისთვის. 15 დეკემბერს ყველას გელოდებით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. 16 დეკემბრიდან უკვე განათებულ ქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს მოიცავს. საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს კვებისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები და შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ლოკაციებს რაც შეეხება, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დედაენის ბაღში იქნება „საახალწლო სოფელი“ განთავსებული. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.