ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველებს ებრაელი ხალხის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, სიყვარული გვაქვს, ეს ძმობა 26-საუკუნოვან ურთიერთობაზეა დაფუძნებული, ქართველი ხალხი მათ გვერდით დგას
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2023 09:51
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველებს ებრაელი ხალხის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, სიყვარული გვაქვს, ეს ძმობა 26-საუკუნოვან ურთიერთობაზეა დაფუძნებული, ქართველი ხალხი მათ გვერდით დგას

 

ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება, ძმობა, სიყვარული, პატივისცემა გვაქვს ებრაელი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხი ისრაელისა და ებრაელი ხალხის გვერდით დგას, − ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა ხანუქას სანთელი აანთო.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ გმობს იმას, რაც ისრაელში 7 ოქტომბერს მოხდა.

„ხაგ ხანუქა სამეახ! ყველას გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს. ჩვენ ბევრი ემოციური სიტყვა მოვისმინეთ. მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც დაატყდა თავს ჩვენს მოძმე ერს, ჩვენს ებრაელ ხალხს, ისრაელს. 7 ოქტომბერი მართლაც ძალიან მძიმე დღე იყო ყველასთვის, ვინაიდან ჩვენ განვიცადეთ ის დიდი ტკივილი, რომელიც მიადგა ჩვენს მოძმე ხალხს, ებრაელ ხალხს ისრაელში, რამაც გამოიწვია 1 200 უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა და სიკვდილი. ეს საშინელი, ბარბაროსული აქტია, ეს არის ტერორისტული აქტი, რომელსაც მტკიცედ ვგმობთ. საქართველო და ქართველი ხალხი დგას ისრაელისა და ებრაელი ხალხის გვერდით. ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება, ძმობა, სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა გვაქვს ებრაელი ხალხის მიმართ. ეს ძმობა 26-საუკუნოვან ურთიერთობაზე, თანაცხოვრებაზე არის დაფუძნებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველებმა და ებრაელებმა ერთად გამოიარეს ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი, განსაცდელი, ტკივილი, სიხარული და ერთად მიაღწევენ გამარჯვებას.

„ქართველებმა და ებრაელებმა ჩვენი სამშობლო, საქართველო, ერთად მოვიტანეთ დღევანდელობამდე. ერთად გამოვიარეთ ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი, განსაცდელი, ტკივილი, სიხარული, გამარჯვება, სიკეთე და მჯერა, ჩვენ ერთად გავივლით მომავალ წლებს და საუკუნეებს, ერთად მივაღწევთ გამარჯვებას. პატივცემულმა რაბიმ თქვა, რომ საქართველოში როდესაც არის, თავს გრძნობს სამოთხეში. მორწმუნე ქართველებისთვის ისრაელი წმინდა მიწა, ჩვენი მეორე სამშობლოა. ისრაელში როცა ჩავდივარ, თავს ვგრძნობ სახლში. მინდა, მადლობა გითხრათ ამ ძმობისთვის, მეგობრობისთვის. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ებრაელი ხალხის მიმართ ვართ მიკერძოებული. მიკერძოებული სწორედ 26-საუკუნოვანი განსაკუთრებული ძმობის გამო. მინდა, ისრაელს და ებრაელ ხალხს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება. დღევანდელი დღე, ხანუქა არის სწორედ სიმბოლო გამარჯვების, განახლების, სინათლისა და ბოროტებაზე გამარჯვების დღე“, − განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის დიდ სინაგოგაში შესრულდა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ჰიმნები. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარემ, მერაბ ჩანჩალაშვილმა, საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის, „ესთას“ პრეზიდენტმა, ევა ბაბალაშვილმა, თბილისის სინაგოგის მთავარმა რაბინმა, რახამინ მურდუხაშვილმა და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა, იაკობ გაგულაშვილმა. ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ ირმა კუპრეიშვილს, ლაშა შაყულაშვილს, იოსებ მიხელაშვილსა და მაყვალა გონაშვილს. ხანუქას დღესასწაულს თბილისის დიდ სინაგოგაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.