ვარსკვლავების მატჩი ბათუმში - საქართველოს მილანის „ინტერის“ ლეგენდები ეწვევიან
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2023 12:25
ვარსკვლავების მატჩი ბათუმში - საქართველოს მილანის „ინტერის“ ლეგენდები ეწვევიან

 

საქართველოში ახალი პროექტი – „ლეგენდების სერია“ (Legend Series) იწყება, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელებისა და საფეხბურთო გრანდების მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო ზეიმისა და სადღესასწაულო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

„ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი, Sports Orient-თან პარტნიორობით, 2024 წლის მარტში გაიმართება – ბათუმში ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საქართველოს „ლეგენდების ნაკრები“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდის, მილანის „ინტერის“ ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდება.

GEO 11-ის შემადგენლობაში ითამაშებენ, მისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი, ლევან კობიაშვილი, ყველა დროის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია.

„ინტერის“ ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ლუიშ ფიგუ, ამ კლუბის ყოფილი კაპიტანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მარკო მატერაცი და არგენტინელი ესტებან კამბიასო, რომელიც იმ „ტრებლის“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, რომელიც „ინტერმა“ 2010 წელს მოიგო.

საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე მოუთმენლად ელის მოედანზე დაბრუნებას და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩის ჩატარებას: „ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავი ღონისძიების ნაწილი ვიქნები და კიდევ ერთხელ ვითამაშებ საქართველოს ნაკრების მაისურით, ამჯერად შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, სადაც არაერთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა ითამაშა.

ჩვენთვის პატივია მილანის „ინტერთან“ დაპირისპირება და ვეცდებით, შესანიშნავ ფეხბურთელებს ღირსეული თამაში დავუპირისპიროთ. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით გულშემატკივარები, სპორტის მოყვარულები და ყოფილი ფეხბურთელები ძალიან გაიხარებენ. შევხვდებით მარტში“.

„მოხარულები ვართ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში, სადაც „ინტერს“ 1970-იანი წლების შემდეგ არ უთამაშია. ეს მატჩი არის დიდი შესაძლებლობა, რომ დავბრუნდეთ საქართველოში ჩვენი გუნდის ლეგენდებთან ერთად, რომელთაც ექნებათ შანსი, ითამაშონ გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ.

ეს ღონისძიება ორ ქვეყანას შორის კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. მსგავი სპორტული მატჩები და ღონისძიებები არის შესაძლებლობა პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც ახალი, ისე ძველი თაობის გულშემატკივრები“, – აცხადებს მილანის „ინტერის“ კორპორაციული დირექტორი, ალესანდრო ანტონელო.

„ინტერის“ კიდევ ერთი ლეგენდა, კლუბის დიდების დარბაზის წევრი ესტებან კამბიასო გულშემატკივარს დასამახსოვრებელ მატჩს ჰპირდება: „მოხარული ვარ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ვითამაშოთ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც გატაცებულია ფეხბურთით. მე და ბევრ ჩემს თანაგუნდელს საფეხბურთო კარიერის პერიოდში არ გვქონია ამ ქვეყანაში სტუმრობის შესაძლებლობა. ამ ინიციატივის წყალობით კი ჩვენ შევძლებთ ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მატჩმა ფანტასტიკურ გარემოში ჩაიაროს“.

ოთო მუმლაძე (Sports Orient-ის დამფუძნებელი) – „რამდენიმე მიზეზის გამო ჩემთვის, როგორც ორგანიზატორისთვის, ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი მთავარი, რასაც გამოვარჩევ, იმ ფეხბურთელების ერთად შეკრებაა, ვინც სხვადასხვა დროს ქართველ გულშემატკივარს არაერთი სიხარული მიანიჭა. მათი დღევანდელი სტატუსისა და საქმიანობის მიუხედავად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთის ძალით ყველა ის დამსახურებული ფეხბურთელი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულიყო. მიხარია, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში ეს პირველად მოხდება.

გარდა ამ გზავნილისა, „ლეგენდების სერიის“ მატჩებს ძალიან მკაფიო მიზანი აქვს – საქართველოს ქალაქებსა და სტადიონებზე შეიქმნას საზეიმო განწყობა, დამკვიდრდეს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სტადიონზე სიარულის კულტურა და რა თქმა უნდა, ამ მატჩებმა საქართველოს, როგორც ქვეყანას პოპულარიზაცია გაუწიოს.

მინდა, მადლობა ვუთხრა მატჩის სპონსორებსა და პარტნიორებს, რომლებიც არცთუ მარტივი პროექტის განხოხრციელებაში გვერდით დაგვიდგნენ“.

მატჩის ზუსტი თარიღისა და ბილეთების შესახებ ინფორამცია 2024 წლის იანვრიდან გავრცელდება. გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ბილეთები მაქსიმალურად შეღავათიან ფასში შეიძინოს, ისარგებლოს სპეციალური შეთავაზებებით და გახდეს დიდი ზეიმის მონაწილე.

საქართველოს ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდების მატჩზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება VIP-ლაუნჯისა და Sky Box-ების ბილეთები.

1tv.ge