გიორგი ვაშაძე - გამოსავალი არსებობს, ჩვენი ერთიანობით წელს დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2024 21:27
გიორგი ვაშაძე - გამოსავალი არსებობს, ჩვენი ერთიანობით წელს დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ

 

ღარიბაშვილის კობახიძის ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობას, აცდენილია ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ წელს დიდი გამარჯვება უნდა იზეიმოს.

„დღეს ხალხს აწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, კატასტროფული მიგრაცია, ამ დროს კი პრემიერად ნიშნავ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის, იცავს მხოლოდ მის პერსონალურ ინტერესებს და უფრო ეფექტურად ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. გამოსავალი არსებობს. ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს. უნდა მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, შევქმნათ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მჯერა ამის და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ძალა ერთობაშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

ამასთან, დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.