საზოგადოება და ბანკები - 184 391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება
ამობეჭდვა · 31 / 01 / 2024 14:45
საზოგადოება და ბანკები - 184 391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

 

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ცხრა პროცენტამდე შეამცირა. შესაბამისად, სესხზე ყოველთვიური შენატანი 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება. 184,391 ხელშეკრულებიდან უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.4 მლრდ. ლარის (43%).

საზოგადოება და ბანკების მონაცემებით, დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 6.5 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+33%, 1-ელი დეკემბერი), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი რვა პროცენტით და 13%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდში. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 199,898 ლარს, იპოთეკურის 52,210 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 22,124 ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 17%-ით გაიზარდა და 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 29 მლრდ. ლარს მიაღწია. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2023 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს, 24%-ს.

საზოგადოება და ბანკების მონაცემებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს. 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახლოებით 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).

წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული და დეკემბრის თვეში 0.4% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ანალოგიურ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 11%-იდან 9.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო მაისის თვიდან.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან, თუმცა, მიიჩნევენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და ეროვნულ ბანკს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა გასული წლის ბოლოდან მოუწია. რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ცვლილება 2024 წელს ინფლაციის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.