გამოცემა „ეკონომისტი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკის და კირილ ბუდანოვს განიხილავს
ამობეჭდვა · 31 / 01 / 2024 14:49
გამოცემა „ეკონომისტი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკის და კირილ ბუდანოვს განიხილავს

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ორ კანდიდატს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „ეკონომისტი“ წერს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, არ ნიშნავს, რომ ამას უახლოეს მომავალში არ გააკეთებს. როგორც გამოცემა წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზალუჟნის განუცხადა, რომ მის გადაყენებას აპირებდა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც ზალუჟნიმ უარი თქვა.

გამოცემის ინფორმაციით, ვალერი ზალუჟნის თანამდებობაზე ორი გენერალი განიხილება – უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი. ორივე საპრეზიდენტო გუნდთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.

ამასთან, გამოცემის ცნობით, გამოკითხვებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ვალერი ზალუჟნი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზლენსკი.

შეგახსენებთ, 29 იანვარს უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს და მას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.