პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2024 11:25
პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები, 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში, ნაცნობზე – 1977 წელს დაბადებულ ფ.კ.-ზე, მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.