გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ნინოწმინდის თაფლის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2024 12:12
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ნინოწმინდის თაფლის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

 

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „ნინოწმინდის თაფლის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ნინოწმინდის მინდვრებში თუ დაინახავთ, რომ მდელოები ყვითელი ყვავილებით გაფერადდა, იცოდეთ, „თაფლის მოტანის“ ყველაზე აქტიური სეზონი დაიწყო.

ამ დროს ნინოწმინდელები მთაში ადიან, სკებთან ახლოს, ქოხში გადადიან საცხოვრებლად და ფუტკრის მოვლას იწყებენ. ეს ხდება ზაფხულობით, ივნისის პირველი რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია საფუტკრის ერთი განლაგების წერტილიდან 2-3-ჯერ მივიღოთ მოსავალი, რის გამოც თაფლმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა შეფერილობა. ნინოწმინდის თაფლი, რომელსაც მეთაფლია ფუტკრები ჯავახეთის ზეგანზე ამზადებენ, განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა. საქართველოს ამ მხარეში დღე-ღამის ცვალებადობის დროს ტემპერატურაც სწრაფად იცვლება. სიცივისა და სიცხის კონტრასტული ცვლილება ყვავილების ნექტარზეც განსაკუთრებულად მოქმედებს და აისახება თაფლის არომატზე.

კონსისტენციის მიხედვით, ის შეიძლება იყოს ბლანტი, კრემისებრი, სრულად ან ნაწილობრივ დაკრისტალებული, თუმცა, სხვა სახეობების თაფლისგან მას ის გამოარჩევს, რომ აქვს უნარი დიდი ხნის განმავლობაში არ დაკრისტალდეს, ანუ არ ჩაშაქრდეს. ამიტომ თხევად მდგომარეობაში მისი შენახვა დიდხანს არის შესაძლებელი. ჩასქელების შემთხვევაში კი ის გარდაიქმნება თეთრი ფერის ან სპილოსძვლისფერ, წვრილკრისტალიზებულ კრემისებრ ან მყარ მასად. ნინოწმინდის თაფლი ხასიათდება საშუალოდ გამოხატული, ზომიერი არომატით, მას აქვს ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო და დამახასიათებელი გემო. შეგროვების დროიდან გამომდინარე, ის არის ღია მოყვითალო ან თითქმის უფერო, იშვიათ შემთხვევაში კი წაბლისფერი. ნინოწმინდის ყველა სოფელში იპოვით ოჯახს, რომელიც მეფუტკრეობით ცხოვრობს. ეს ტრადიცია ამ მხარეში საუკუნეზე მეტს ითვლის.

სტატისტიკურად, 711 სოფლიდან მეთაფლეობას მისდევს 702 სოფელი და წლის განმავლობაში რეგიონში იწარმოება დაახლოებით 686,820 კგ თაფლი. ჯავახეთის ზეგნის თაფლის ღირსებები ისტორიულად ცნობილია და მის შესახებ ერთ საინტერესო ჩანაწერს ვხვდებით, სადაც ცნობილი ქართველი თურქოლოგი მიხეილ სვანიძე ამ რეგიონის XX საუკუნის მეურნეობის შესახებ წერს – „მეფუტკრეობა დიდად იყო დაწინაურებული აგრეთვე სამცხე-საათაბაგოშიც, აქ მეფუტკრეობის განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი კლიმატური და მდიდარი საკვები ბაზა ხეხილისა და მცენარეთა ფლორის სახით“. სამცხე-საათაბაგოს მეფუტკრეობა არც ვახუშტი ბატონიშვილს გამოჰპარვია, ის წერს: „ფუტკარნი მრავალნი და თაფლლნი კარგი და მრავალნი“. ამ მხარეში თაფლის სიუხვე ჟან შარდენსაც აქვს შენიშნული და ამ თემას მის მემუარებშიც იპოვით. 2 ალპური ზონის მოსახლეობამ ისტორიკოსთა და მკვლევართა შეფასებების გარეშეც იცის, რომ მათი რეგიონის თაფლი განსაკუთრებულია. მეფუტკრეობა და მეთაფლეობა მათი ტრადიციის და შემოსავლის მთავარი წყაროა. ოჯახს თუ ფუტკარი ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ოჯახი ჩართულია ამ პროცესში. ბებია-ბაბუა თუ მთაში ბაზაზე მუშაობს, დანარჩენი წევრები თაფლის გადმოღება-გაწურვა-დაბინავებით არიან დაკავებულნი და მთელი ეს პროცესი ერთი მთლიანი ოჯახური ტრადიციის ნაწილია, რომელსაც ყველა სიხარულით და ხალისით ასრულებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2020 წლის პირველ ოქტომბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.