„საკრებულოდან ნარმანიას მიერ წარდგენილ თბილისის ბიუჯეტის პროექტს გამოვითხოვთ“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2017 08:30 · 223 ნახვა
„საკრებულოდან ნარმანიას მიერ წარდგენილ თბილისის ბიუჯეტის პროექტს გამოვითხოვთ“ - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტის პროექტის გამოთხოვას აპირებს, რადგან ეს ბიუჯეტი დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი და მასში ახალი გუნდის პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის.

კალაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტის პროექტზე ახალ გუნდთან ერთად იმუშავებს და მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებით დაუბრუნებს საკრებულოს.

„ბიუჯეტს გამოვითხოვთ და შემდეგ დავუბრუნებთ საკრებულოს ჩვენ მიერ განსაზღვრული პროექტებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლისთვის. ბევრი პროექტია: გუდიაშვილის, ორბელიანის, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის პროექტები. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვას საკრებულო მომავალი კვირიდან დაიწყებს. დოკუმენტი უკვე საკრებულოშია, ის 815 მილიონით განისაზღვრა და, წინა პარამეტრებთან შედარებით, 11 მილიონით არის შემცირებული.

დეპუტატებს ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შესატანად ვადა 25 ნოემბრამდე აქვთ. ამის შემდეგ პროექტი განსახილველად ისევ მერიას დაუბრუნდება და უკვე მაქსიმუმ 10 დეკემბრამდე კახი კალაძე ბიუჯეტის ბოლო ვარიანტს დასამტკიცებლად საკრებულოში თავად წარადგენს.