„ბიუროკრატიული მანქანა უნდა დაინგრეს“ - კახა კალაძე გამგეობებში რეორგანიზაციას იწყებს
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2017 22:30 · 171 ნახვა
„ბიუროკრატიული მანქანა უნდა დაინგრეს“ - კახა კალაძე გამგეობებში რეორგანიზაციას იწყებს

კახი კალაძემ მერობის პირველ დღეებში გაცემული დაპირების შესრულება დაიწყო. დღეს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება თბილისის 10-ვე გამგეობაში მივიდა. 

სავარაუდოდ, ეს იქნება მერის პირველი ხისტი გადაწყვეტილება, რომელიც საკადრო ცვლილებებს გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, ვისი ან რამდენი თანამშრომლის თანამდებობა შეეწირება რეორგანიზაციას. რიგითი თანამშრომლები ახლა ხელმძღვანელების ახსნა-განმარტებას ელოდებიან.

"კურიერის" ინფორმაციით, კახი კალაძის ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ სტრუქტურულ ცვლილებებსაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია სხვადასხვა სამსახურების გაერთიანება და შესაბამისად კადრების შემცირებაც.

რეორგანიზაცია მუნიციპალიტეტში კახი კალაძემ მერის პოსტის ოფიციალურად ჩაბარების პირველივე დღეს დააანონსა. თბილისის მერი პირდაპირ არ საუბრობს რამდენი თანამშრომლის თანამდებობა შეეწირება ამ გადაწყვეტილებას, თუმცა იცის ის კრიტერიუმები, რითაც გამგებლებმა კადრების შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოს. კახი კალაძე ღიად აცხადებს, რომ ბიუროკრატიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

რეორგანიზაციის პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს ოპოზიცია. დეპუტატები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებები და მათ შორის საკადროც, პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.