„იოლად შეიძლება ორივე იქ ვყოფილიყავით, სადაც ის ბიჭები დაიღუპნენ“ - გიორგი კეკელიძე
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2017 08:50
„იოლად შეიძლება ორივე იქ ვყოფილიყავით,  სადაც ის ბიჭები დაიღუპნენ“ - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ამ დღეებში დაღუპულთა გამო: სიცოცხლე ეს არის - მე შემთხვევით ვწერ ამ ტექსტს და შენ შემთხვევით კითხულობ. იოლად შეიძლება ორივე იქ ვყოფილიყავით, აი, იქ, სადაც ის ბიჭები დაიღუპნენ ან ერთი დღით ადრე სხვა ბიჭი - სპეცრაზმელი. ასეთი დაფიქრებები თუ წაგიყვანს რთული დასკვნისკენ და ადამიანად ყოფნის უმთავრესი ნიშნისკენ: სხვისი სიცოცხლე უდრის შენსას. დიახ, სხვისი სიცოცხლე შენსას გულისხმობს. ცალკე, ეს სიტყვები ჩვეულებრივი შეცოდებით შეიძლება თქვა და მერე საქმე გააგრძელო. ცხოვრებას საცნაური წეს-დათქმები აქვს - წვრილმანებით თუ მსხვილმანებით გითრევს თავისკენ და უცხოს სიკვდილს გავიწყებინებს. ამას ვერ შეერკინები და ნურც ვეცდებით ყალბად შევეჭიდოთ. მაგრამ მაშინ, როცა წუთით მაინც თავს დავაძალებთ და გავიაზრებთ საკუთარი სიცოცხლის შემთხვევითობას, მივხვდებით, რატომ არის ყველა ადამიანი უმნიშვნელოვანესი, წუთით მაინც შევიგრძნობთ, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ სხვას და ეს გაფრთხილება რატომ უნდა ვაქციოთ აუცილებელ წამად სხვა დანარჩენ წუთებში. ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს. მთელი ეს ხანი ვფიქრობდი მათზე, მაგრამ ვერაფერი დავწერე. ახლაც, მხოლოდ ამის თქმა შევძელი", - წერს კეკელიძე.