კახა კალაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2017 18:16 · 68 ნახვა
კახა კალაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და შეჯიბრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ღონისძიება, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება, დღეს დიღომში მდებარე სპორტკომპლექს „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე გაიმართა.  

დედაქალაქის მერმა სპორტული ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობასა და მის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, თითოეული მსგავსი ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს მასში ჩართული. თბილისის მერიის მხრიდან ამ მიმართულებით, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება, რადგან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2018 წლის მასპინძელი ჩვენი დედაქალაქია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „ვითიბი ბანკს“ თანადგომისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია. ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს ღონისძიებაში 1700 სკოლის 100 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. ოლიმპიადა სპორტის ცხრა სახეობას აერთიანებს. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.

გასულ წელს, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპინძლა, ხოლო 2017-2018 წელს აღნიშნული საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რომლის აღსანიშნავადაც, სიმბოლურად, ოლიმპიადის დროშა თბილისის მერს გადაეცა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.