როგორ დალია საწამლავი სამხედრო დანაშაულში ბრალდებულმა - ვიდეო სასამართლო პროცესიდან
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2017 20:46 · 332 ნახვა

გაერო-ს ტრიბუნალის მოსამართლეებმა ჰააგაში შეწყვიტეს სასამართლოს სხდომა მას შემდეგ, რაც სამხედრო დანაშაულში ბრალდებული ექვსი ბოსნიელი ხორვატიდან ერთ-ერთმა, სლობოდან პრალიაკმა, საწამლავი დალია. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. სლობოდან პრალიაკი სასამართლო დარბაზიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდაპირველად, ხორვატიის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ პრალიაკი გარდაიცვალა. ნიდერლანდის პოლიციამ უარი თქვა მომხდარის კომენტირებაზე. ყოფილი იუგოსლავიის საკითხების სასამართლო ტრიბუნალმა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომის შეწყვეტიდან ცოტა ხნის შედმეგ 72 წლის პრალიაკი ცოცხალი იყო.

პრალიაკს 2013 წელს, 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მასთან ერთად ბრალდებულია ბოსნიელ ხორვატთა ხუთი ლიდერი, მათ შორის იადრანკო პრლიჩი, რომელიც ასაჩივრებს მისთვის ჰააგის სასამართლოს მიერ მისჯილ 25 წლით პატიმრობას.