„ეს ოთხას ოცდამეხუთე ღამეა და მე ისევ აწურული ვდგავარ კარებთან“ - წაიკითხეთ და ვისაც შეგიძლიათ დაეხმარეთ
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2017 14:17 · 6481 ნახვა
„ეს ოთხას ოცდამეხუთე ღამეა და მე ისევ აწურული ვდგავარ კარებთან“ -  წაიკითხეთ და ვისაც შეგიძლიათ დაეხმარეთ

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ადამიანებოოო, ადამიანებო! წაიკითხეთ, ეს გოგო სამსახურს ეძებს, სამსახურს… კარგად ხედავს, კარგად წერს, წიგნები უყვარს, კარგი ადამიანი უნდა იყოს, დანარჩენის სწავლას რაღა უნდა? დაასაქმეთ სანამ გულები არ დაგვისკდება!

დინა მირცხულავა: „ოთხას ოცდამეხუთე ღამეს, როცა სამსახურის უშედეგო ძებნით დაღლილი მშობლების უჭერო სახლს მიადგები, გინდა ყელში გაჩხერილი იმედგაცუდების ბურთი გაიბეროს, უფრო დიდი გახდეს, გრამი ჰაერი არ ჩაუშვას ფილტვებამდე და მორჩე…

იმ სახლში უკარადოდ დარჩენილი წიგნებია და ყველას აწერია სად, როდის და როგორ გიყიდა დედამ.
შენ კი შენი შვილისთვის ვერასოდეს გიყიდია წიგნი.

იმ სახლში ძვლებამდე დამდნარი ბებო ცხოვრობს, თხუთმეტი წელი აშორებს საუკუნეს და შენ მისი მთელი წლის პენსია მიისაკუთრე და ახლა ყოველთვე მის “კარბამაზეპინს” მათხოვრობ.

იმ სახლში კაციც ცხოვრობს, შუახნის, მამაა ჩემი, მისი თმები ვერცხლისფერია. ის მალავს ქვითრებს, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე ჩემი გარდაცვლილი ძმის ფოტოები კედლებზე…

იმ სახლში ბავშვიცაა, მას უყვარს ცეკვა და ვერაფრით მოვაბი თავი, როგორ ვუთხრა, რომ მომავალი წლიდან ვეღარ ივლის.

იმ უჭერო სახლში ვცხოვრობთ ჩვენ და როცა მე ვბედავ შევაღო კარი, მაშინვე წიგნებისკენ მივდივარ, იმიტომ რომ თუ მოტირალს შემომისწრებს დედა, მე მოვატყუებ, რომ წიგნმა ამიჩუყა გული, სადაც მე ვკითხულობ იმ პოეტებზე რომლებიც შიმშილით მოკვდნენ და მათი პოეზიით დღემდე ძღებიან და მუცელს იყორავენ “ძლიერნი ამასოფლისანი”…

ეს ოთხას ოცდამეხუთე ღამეა და მე ისევ აწურული ვდგავარ კარებთან და როგორი ძნელია, დაიფერთხო ოთხას ოცდახუთი დღისა და ღამის ტყუილები.

მე მაპატიეთ, მაგრამ წლებია მესმის, რომ უნდა ვწერო და არ გავჩერდე, რომ მე ვჭირდები ადამიანებს, მაგრამ მე შევეშვი წერას… არ მცალია…

მე ღობე-ყორეს ვედები და საშოვარზე გასული აწიაწებული სული ვარ…

მიყვარხართ და მომეტევოს…”