უცნაური პრეცედენტი: შესაძლოა, სილამაზისა და სექსუალურობისთვის სამსახურიდან დაგითხოვონ
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 15:06 · 90 ნახვა
უცნაური პრეცედენტი: შესაძლოა, სილამაზისა და სექსუალურობისთვის სამსახურიდან დაგითხოვონ

შტატ აიოვას (აშშ) უზენაესმა სასამართლომ უცნაური იურიდიული პრეცედენტი დაუშვა: სასამართლო განაჩენის მიხედვით, შტატის დამსაქმებლებს უფლება აქვთ, ზედმეტად მიმზიდველი ან სექსუალური მუშაკი კანონიერად დაითხოვონ სამსახურიდან.

21 დეკემბერს აიოვას შტატის უზენაესი სასამართლო განიხილავდა დანტისტის, ჯეიმს ნაიტის საქმეს, რომლის მიხედვითაც, კბილის ექიმმა 10-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ექთანი მელისა ნელსონი მხოლოდ იმის გამო დაითხოვა სამსახურიდან, რომ ნაიტის მეუღლემ ექთანი მათი ქორწინებისთვის საფრთხედ მიიჩნია.

ჯეიმსისა და მელისას მტკიცებით, მათ შორის რომანი არასოდეს ყოფილა და რომ მათ მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. ექთანმა ექიმს სასამართლოში უჩივლა - ადამიანის უფლებების დარღვევაში და სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მელისას თქმით, ექიმი მას არასოდეს დაითხოვდა სამსახურიდან, მამაკაცი რომ ყოფილიყო.

სასამართლო პროცესის დროს დანტისტმა განმარტა, რომ ის ხშირად აძლევდა მელისას შენიშვნას იმის გამო, რომ ქალს ტანზე ზედმეტად მოტმასნილი და მოხდილი სამოსი ეცვა, რაც მას სამუშაოზე კონცენტრირებაში ხელს უშლიდა, მაგრამ მელისამ არ გაითვალისწინა უფროსის რჩევა.

იმისათვის, რომ საქმე სასიყვარულო კავშირამდე არ მისულიყო, დანტისტმა ზედმეტად სექსუალური ექთანი სამსახურიდან დაითხოვა. შტატის უზენაესმა სასამართლომ, რომლის შემადგენლობაშიც 7 მოსამართლე (სხვათა შორის, შვიდივე მამაკაცი) შედიოდა, ერთხმად გამოიტანა განაჩენი და ექიმის ქმედება შემდეგ საფუძველზე გაამართლა: "თუნდაც თანამშრომელი ქალი შემჩნეული არ ყოფილიყო ფლირტში, სამუშაო კონტრაქტი შესაძლებელია დაირღვეს კანონის ფარგლებში, მხოლოდ იმის გამო, რომ ხელმძღვანელი მუშაკს დაუძლეველად მიმზიდველად თვლის".