შეცდომები, რომლებსაც ბედნიერება ეწირება
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 15:06 · 38 ნახვა
შეცდომები, რომლებსაც ბედნიერება ეწირება

რა შეცდომებს მიჰყავს ერთ დროს ბედნიერი წყვილი განქორწინებამდე? იქნებ ცხელ გულზე ობიექტური განსჯის უნარს კარგავენ და მცდარ შეხედულებებს ადვილად ემორჩილებიან?

თუ პარტნიორი არ მღალატობს, ესე იგი, ვუყვარვარ

ჯერ ერთი, საიდან იცით, რომ არ გღალატობთ? რატომ ხართ ამაში დარწმუნებული? ხშირად კანონიერი ოჯახის პარალელურად მამაკაცს სხვა ცოლ-შვილიც ჰყავს, ანდა წლების მანძილზე ფარულად ხვდება მეორე ქალს, ცოლი კი აინუნშიც არ არის.

ვთქვათ, თქვენ მართლაც ერთადერთი ქალი ხართ მისთვის სექსუალური თვალსაზრისით. რა იცით, რომ თავის აზრებში მაინც არ გღალატობთ და ვინმე, მისთვის იდეალურ ქალს არ შესტრფის შორიდან?

დაბოლოს, ისეც ხდება, რომ მამაკაცი, საერთოდ, ყველა ქალის მიმართ გულგრილია და მათ შორის - თქვენ მიმართაც. უბრალოდ, იმისთვის შეირთო ცოლი, რომ უფრო მოხერხებულად ეცხოვრა. თქვენ კი ავტომატურად მიაწერეთ ამაღლებული და მშვენიერი გრძნობები.

ზედმეტად ხომ არ შეაფასეთ თქვენი და მისი ღირსებები? სიყვარულს და ნდობას რა შეედრება, მაგრამ ხანდახან ცოტა ნაკლები თავმომწონეობით, თავმდაბლად ჩაუკვირდით თქვენს ცხოვრებას.

სექსუალურ სფეროში სრული ჰარმონიაა? ქორწინება უეჭველად მტკიცე იქნება

სექსუალური შეთანხმებულობა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს ქორწინების სიმტკიცისათვის, მაგრამ ყველა პრობლემას მაინც ვერ მოხსნის. როგორი სექსუალური პარტნიორი იქნება ქალი, რომელიც, ვთქვათ, მუდმივი უფულობით სასოწარკვეთამდეა მისული?

თუმცა ამ შემთხვევაშიც ობიექტურად უნდა განსაჯოთ. იქნებ თქვენი ქმარი სავსებით მართალია, როდესაც ფიქრობს - ჩემი ხელფასით თავისუფლად შეიძლება ცხოვრება, თუ ჩემი ცოლი თადარიგიანად გაუძღვება ოჯახს?

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ინტიმურ დამოკიდებულებათა სფერო ძალზე მგრძნობიარეა და ლაკმუსის ქაღალდს წააგავს: მაშინვე იცვლის ელფერს, როცა პარტნიორთა დამოკიდებულებაში რაიმე უსიამოვნება იჩენს თავს.

თუ ქმარი ჩემზე ეჭვიანობს, ესე იგი, ვუყვარვარ

სიყვარულსა და ეჭვიანობას ბევრი არაფერი აქვთ საერთო. მამაკაცები, რომლებიც ეჭვიანობის ნიადაგზე სისულელეებს სჩადიან, ერთი მხრივ, თავიანთ საკუთრებას იცავენ ("თავიანთ საკუთრებად" მიაჩნიათ ცოლი), მეორე მხრივ, თვითშეფასების დონეს იმაღლებენ. ეჭვიანი მამაკაცი საკუთარ თვალში ნადგურდება, როდესაც ფიქრობს, სხვაზე გამცვალესო. ცხადია, აქ სიყვარული არაფერ შუაშია.

რა თქმა უნდა, ყველა ეჭვიანი მამაკაცი ერთ თარგზე არ არის გამოჭრილი, მაგრამ მაინც ნუ აჩქარდებით და ეჭვიანობას სიყვარულთან ნუ გაათანაბრებთ.

თუ ბავშვს გავაჩენ, ამით ქმარს შევინარჩუნებ

პირდაპირ ვთქვათ: თუ განქორწინება კარზეა მომდგარი, ბავშვის გაჩენა საქმეს ვერ უშველის; პირიქით, დააჩქარებს განქორწინებას. აქვე დავუმატებთ, რომ ბავშვის გამოყენება შანტაჟის იარაღად ანდა ცოლქმრული დამოკიდებულების სტაბილიზაციისთვის, სხვა თუ არაფერი, არაეთიკურია.

ბავშვი იმიტომ უნდა გაჩნდეს ქვეყანაზე, რომ მეუღლეთა ცხოვრება კიდევ უფრო გაალამაზოს. რა თქმა უნდა, ბავშვის დაბადებას შეუძლია ერთგვარი "დამცავი" როლი შეასრულოს ოჯახისათვის, ე.ი. იურიდიულად არ დაუშვას ოჯახის დანგრევა, აიძულოს მეუღლეები, ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ.

მაგრამ თუ ქალსა და მამაკაცს თავიანთი პრობლემების მოგვარება არ შეუძლიათ, განა ბავშვი თავის თავზე აიღებს ამას?

ბუნებრივია, ქალს შესწევს უნარი, ათასგვარი ხრიკით "დააბას" ქმარი ოჯახში, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთ ერთად ყოფნას? თუ ქმარს ცოლი არ უყვარს და პატივსაც არ სცემს, ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად გადაიქცევა და ასეთ ჯოჯოხეთში აპირებთ ბავშვის გაჩენას?