„მე მათი არ მეშინოდა 14 წლის ასაკში და 25 წლის ასაკში ეს ძალიან სამარცხვინო იქნებოდა" - გვანცა ყუფარაძე
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 08:58 · 3605 ნახვა
„მე მათი არ მეშინოდა 14 წლის ასაკში და 25 წლის ასაკში ეს ძალიან სამარცხვინო იქნებოდა" - გვანცა ყუფარაძე

ყოფილი მსჯავრდებული გვანცა ყუფარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ქალბატონ ინგა გრიგოლიას! ასეთი პროფესიული სტანდარტი ჟურნალისტიკაში, მიქარწყლებს იმ სკეპტიციზმს, რომელიც შინაგანად ბევრი რამის გამო დამიგროვდა. ძალიან დიდი პრეცენდენტი შექმენით დღეს თქვენ ქალბატონო ინგა და დრო ამას აუცილებლად შეაფასებს / დააფასებს სათანადოდ! მადლობას გიხდით, როგორც პერსონალური მიზეზიდან გამომდინარე, ასევე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე.

 

ნიკა გვარამიას შესახებ ჩემი აზრი უკვე ამომწურავად ჩამოვაყალიბე ორი დღის წინ, მხოლოდ არგუმენტების ფარგლებში და იმის საფუძველზე, რომ პერმანენტულად ავრცელებს დეზინფორმაციას და ცდილობს მოგვაყენოს შეურაცხყოფა ათეულობით ადამიანს, რომელთა წინაშეც არაფერი ეთქმის, თუნდაც იმიტომ, რომ ბრალი მიუძღვის მათ გაუბედურებაში. აღვნიშნავ რომ ცდილობს, რადგან რთულია მისი მხრიდან წამოსული ბოროტება თავმოყვარე ადამიანმა შეურაცხმყოფლად აღიქვას, გასაგები მიზეზების გამო.

კარგია, რომ ადექვატური პასუხი ისე შეეხო, როგორც ვისურვებდი და სწორედ ამიტომ გამოააშკარავა ასე საკუთარი სიბინძურე. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოებას შევეხები

 

1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, პირის ბრალეულობის საკითხს არ განიხილავს. ეს იცის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც.

 

2. გვარამიას მიზანმიმართული ბრძოლა ჩემს მიმართ, მხოლოდ ადასტურებს იმას, რაზეც მე ვარჩიე ღიად მესაუბრა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ. კერძოდ: ,,ნაციონალურ მოძრაობას" და მათთან დაკავშირებულ რამდენიმე მოსამართლეს ქონდათ კავშირი უშუალოდ ქალბატონ ნონა წოწორიასთან. მიმაჩნია, რომ ადამიანთა უმრავლესობას, ჩემსავით გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ამ ფაქტორით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გადაკითხვაც. აღნიშნული სასამართლო, როგორც მე უკვე არა ერთხელ აღვნიშნე, არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციას მქონე ინსტიტუცია მსოფლიოში, მაგრამ სასამართლოს გადატვირთულობის და ბიუროკრატიული ფაქტორებიდან გამომდინარე არ არის უნაკლო, გადაწყვეტილების მიღებამდე საჭირო ინფორმაციის გაანალიზების ტექნიკური დეტალები, რაც სამწუხაროდ იძლევა ასეთი მანიპულაციების შესაძლებლობას გარეშე, დაინტერესებული პირის/მხარის მხრიდან.

მარტივად ავხსნი: სასამართლო გადაწყვეტილებაში უარყოფილია ჩვენს მიერ დასაბუთებული ფაქტები, რომელსაც სადაოდ არ ხდიდა სახელმწიფო. ეს რას ნიშნავს? -

რეგლამენტის შესაბამისად, სასამართლო დასკვნას აკეთებს მხარეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებაში კი დამსჯელია იმ ინფორმაციის გამოყენებით და პათოსით, რომელიც არც ჩემს საჩივარში და არც სახელმწიფოს მიერ დაფიქსირებულ პოზიციაში არ იყო ასახული.

 

3. ნიკა გვარამია რუსთავი 2-ს იყენებს პირადი და პარტიული ინტერესებისათვის, იმისათვის, რომ ჩემი სახით მონსტრი შექნას საზოგადოების თვალში. მე კი იმისთვის მიყენებს, რომ მოახდინოს იუსტიციის მინისტრის დისკრედიტაცია. ერთადერთი რამის გამო. - საქართველოს მოქმედ იუსტიციის მინისტრს, მისგან განსხვავებით, ღირსება გააჩნია. გვარამიას ვერ წარმოუდგენია ადამიანში უმიზეზო და უანგარო კეთილშობილება.

- მე არასოდეს მიმუშავია იუსტიციის სამინისტროში და მითუმეტეს არ ვყოფილვარ მინისტრის მრჩეველი. ეს არა ერთხელ განვაცხადე ოფიციალურად. ვინმეს სჯერა, რომ ტელევიზია დაინტერესდა ამ თემით და ვერ დაადგინა რომ ეს ტყუილია?(!) ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, უნდათ რომ ადამიანები გააღიზიანონ. მე ზოგადად არ ვმუშაობ საჯარო სამსახურში. რომც ვმუშაობდე ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რადგან მაქვს შესაბამისი განათლება, კვალიფიკაცია და ვაკმაყოფილებ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებსაც. უბრალოდ ვაცხადებ ღიად, რომ ეს ასე არ არის. 10 (ათ) წუთში შეიძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება.

 

ბატონი გვარამია, მის ირგვლივ გაერთიანებული სექტის მაგვარი ჯგუფით, მებრძვის ძალიან უწესოდ, თავხედურად და უსინდისოდ. ის იყენებს ამისათვის ჩემთვის ძვირფას ადამიანსაც. ხოლო იმის გამო, რომ ღიად ვუპასუხე, აღარც მალავს ამ ყველაფერს.

 

შეუძლიათ ყოველ დღე აკეთონ რეპორტაჟები იმის შესახებ რომ ცივსისხლიანი მანიაკი ვარ, მე ეს ვერაფერს დამაკლებს. ისინი მე იმაზე მეტს ვეღარ დამიშავებენ, რაც უკვე გაკეთებული აქვთ. თუ მათ ჰგონიათ, რომ შემაშენებენ ძალიან ცდებიან. არა იმიტომ, რომ შუა ქუჩაში ადამიანის მოკვლას არ იკადრებენ. უბრალოდ იმიტომ, რომ მე მათი არ მეშინოდა 14 წლის ასაკში და 25 წლის ასაკში ეს ძალიან სამარცხვინო იქნებოდა", - წერს გვანცა ყუფარაძე.

ტეგები