კახა კალაძე - წესების დარღვევის გამო 50 დეველოპერის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 11:47 · 137 ნახვა
კახა კალაძე - წესების დარღვევის გამო 50 დეველოპერის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო

თბილისი მერის, კახა კალაძის განცხადებით, საგანგაშოა სტატისტიკა, რომელიც მშენებლობის უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფატალურ შედეგებს უკავშირდება.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე მშენებლობებზე ხშირად ირღვევა სამშენებლო წესები.

“მინდა გითხრათ, რომ ბოლო 5 დღის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება, 50-ზე მეტ ობიექტზე ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დაიწყო საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა. ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება მშენებლობებზე და ხშირია, როდესაც ვისმენთ კონკრეტული ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დაზღვევის, ყოველგვარი დაცვის გარეშე ადამიანები მუშაობენ სამშენებლო ობიექტებზე და ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია. მინდა, დავავალო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი ბაგრატიონს, პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს ყველა მშენებარე ობიექტი სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები თვალსაზრისით და აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის 361- ე და 477-ე დადგენილებები”, – განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. 

მისივე თქმით, ყველა დეველოპერი, რომელიც არ უზრუნველყოფს კანონის დაცვას, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს.

“ზედამხედველობის სამსახურის მითითებები თუ არ იქნება გათვალისწინებული თქვენ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გააჩეროთ. ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გახლავთ ის საკითხები, რაზეც თბილისის მერია იქნება პრინციპული”, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს არქიტექტურის სამსახურმაც მკაცრად უნდა გააკონტროლოს პროექტის შესაბამისობა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან და მათ შორის ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიც არის გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა.