დავით ასათიანის წარსული "იმედის" და "იბერიის" წართმევას უკავშირდება
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 12:03 · 87 ნახვა
დავით ასათიანის წარსული "იმედის" და "იბერიის" წართმევას უკავშირდება

ადვოკატის ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის ჯოზეფ ქეის დამცველი იბრძვის. 9 დეკემბერს, ადვოკატები, ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

ამ პოზიციის დაკავებას 4 კანდიდატი ცდილობს: დავით ლანჩავა, დავით ებრალიძე, დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია. ოთხივე გამარჯვებაში დარწმუნებულია.პროგნოზები კულუარებშიც კეთდება, სადაც "ხატიაშვილის მემკვიდრე" დაასახელეს კიდეც - ამბობენ, დიდი ალბათობით, ასოციაციის თავმჯდომარის სავარძელში დავით ასათიანი მოკალათდება და ამაში მას ისიც დაეხმარება, რომ მოქმედმა თავმჯდომარემ და მისმა გუნდმა მხარი ღიად დაუჭირესო. თავად ასათიანი კი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებაში, ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში ბოლო 4-წლიანი მუშაობა დაეხმარება. გამართლდება თუ არა მისი და რიგი ექსპერტების პროგნოზი, რამდენიმე დღეში შევიტყობთ.

ამაზე არანაკლებ საინტერესო კი ისაა, როგორ პოლიტიკას გაატარებს ახალი ხელმძღვანელი, რა მიზნები თუ გეგმები ექნება და მოახერხებს თუ არა, ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას. სიტყვა "პოლიტიკა" შემთხვევით არ ვახსენეთ, რადგან სწორედ მასთანაა დაკავშირებული ადვოკატთა კორპუსში არსებული ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც, ხშირად საუბრობენ, რომ ვექილთა შორის, ე.წ. პრივილეგირებული, ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებთან დაახლოებული ადვოკატები უხვად არიან. 

სწორედ მათი გვარები ფიგურირებს ყველაზე გახმაურებულ საქმეებში და ძლიერნი ამა ქვეყნისანი, მათი ხელით ახერხებენ დამნაშავეების უდანაშაულოდ წარმოჩენას, მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევას თუ სხვა უკანონობის დაკანონებას. მსგავსი მაგალითები, საქართველოს უახლოეს ისტორიას უხვად ახსოვს. დღეს კი, როცა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, მედია და საზოგადოება იმაზე ალაპარაკდა, რომ სხვადასხვა დროს, კონკრეტულ პირებთან "გარიგებაში" მყოფი ადვოკატები, კანდიდატთა შორისაც არიან. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად დავით ასათიანი მოიაზრება. მისი სახელი "პატარკაციშვილი- ქეის" საქმეშიც ფიგურირებს და გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეგობარიცაა. ეს ორი გარემოება ბატონი დავითის მოწინააღმდეგეებისთვის, ფაქტობრივად, კომპრომატის ტოლფასია.

ვინ არის დავით ასათიანი, რა კავშირი აქვს პატარკაციშვილების ოჯახისთვის "იმედის" ჩამორთმევასთან და როგორია მისი ბეგრაუნდი? საადვოკატო საქმიანობას 1999 წლიდან ეწევა. 2015 წლიდან იურიდიული კომპანია "ასათიანი და ადვოკატების" მმართველი პარტნიორია. 2005 წლიდან კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. 2006-2010 წლებში ამავე ასოციაციაში აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო. 2009-2013 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" დამფუძნებელი და თანათავმჯდომარეა. 2010 წლიდან ადვოკატთა და მოსამართლეთა სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე გახლდათ. 2012-13 წლებში კი კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მმართველი კომიტეტის წევრი (თავმჯდომარე).

პროფესიული გამოცდილება აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ისრაელში, ჩეხეთსა დარუმინეთში მიიღო. 2013 წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია. წლების განმავლობაში, დავით ასათიანი მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის კომპანიის ადვოკატი ყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიის საშუალებით ხდებოდა ნაციონალების დროს, ქონებების მესაკუთრეებისთვის ჩამორთმევა და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებზე, ან ახლობლებზე გადაფორმება. ამბობენ, რომ ასათიანი დავით სააკაშვილის ახლო მეგობარიც იყო. ამის შესახებ საზოგადოებამ მაშინ შეიტყო, როცა ექსპრეზიდენტის ძმა ასათიანის ძმის დასაფლავებაზე გამოჩნდა. როცა ნაცმოძრაობას ადვოკატთა ასოციაციის "დაუფლების" ამბიცია გაუჩნდა და თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა, ასათიანი მისი მხარდამჭერი იყო, თუმცა მოგვიანებით, ვითარება შეიცვალა და ზაზა ხატიაშვილის გუნდის წევრად მოგვევლინა.

დავით ასათიანის სახელი უკავშირდება "ომეგა ჯგუფსაც", რომელმაც ტელეკომპანია "იბერიას" სამაუწყებლო ლიცენზიასთან დაკავშირებით დავა მოუგო, თუმცა ეს დავა სამართლებრივი ნაკლებად იყო. მათ აიძულეს „იბერია“, სამაუწყებლო ლიცენზია დაეთმო, რომელიც მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა კომპანიამ, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ შეიძინა. დავით ასათიანი ასევე იყო ჯოზეფ ქეის წარმომადგენელი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ მიმდინარე დავაში. იგი ჯოზეფ ქეის ინტერესებს იცავდა მაშინაც, როცა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება ეჭვქვეშ დადგა და მაშინაც, როცა ოჯახს, "იმედი" ჩამოართვეს. ამას გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთი პარტნიორის, გოგი ჯაოშვილის აღიარებითი ჩვენებაც ადასტურებს, სადაც ჯაოშვილი წილის იძულებით დათმობის ფაქტსა და ასათიანთან შეხვედრას იხსენებს: "ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში შევხვდი ჯოზეფ ქეის.

რამდენიმე შეკითხვა დამისვა კომპანიაში არსებული სტრუქტურისა და მმართველობის შესახებ. მომდევნო დღეს, დილის 9 საათზე, დამირეკა და მთხოვა, სწრაფად მივსულიყავი მასთან სახლში. შეხვედრას ესწრებოდნენ დავით ასათიანი, რომელიც გაგვეცნო ქეის წარმომადგენელ იურისტად (მანამდე არ ვიცნობდი) და გიორგი ისაკაძე. ქეიმ მაცნობა, რომ პატარკაციშვილმა ანდერძის აღმსრულებლად და მემკვიდრეობის მმართველად დანიშნა. მაჩვენა ინგლისურ ენაზე შედგენილი საბუთი, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებდა მის უფლებამოსილებას. ხელმოწერილი იყოპატარკაციშვილის მიერ და დამოწმებული ნოტარიულად. ვითხოვე, გადაეთარგმნათ. დავით ასათიანმა გადათარგმნა... საბუთზე ხელმოწერა პატარკაციშვილისას ჰგავდა. საბუთი ქეის უფლებას აძლევდა, ემართა პატარკაციშვილის კუთვნილი ნებისმიერი ქონება, სადაც უნდა ყოფილიყო ის, ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ... ვკითხე ქეის, იცოდა თუ არა ინა გუდავაძემ ამის შესახებ. მიპასუხა, რომ ოჯახმა ამის შესახებ იცოდა. ქეიმ შემატყობინა, რომ პატარკაციშვილის ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო, სასწრაფოდ მოეგვარებინა კონფლიქტი ხელისუფლებასთან. ამიხსნა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების მისაღწევად აუცილებელი იყო, რომ JMG-ს აქციები (რომელთა ნომინალური მფლობელის ვიყავი), დაუყოვნებლივ გადაგვეტანა ქეის სახელზე. ეს აღვიქვი, როგორც "საპაკეტო გარიგებ", რომლის ფარგლებშიც ხელისუფლება შეძლებდა "იმედის" გაკონტროლებას, ამის სანაცვლოდ კი შეწყდებოდა დევნა და ნორმალური მუშაობა აღდგებოდა პატარკაციშვილის სხვა აქტივებში საქართველოს ფარგლებში, რომლებიც ერთად გაცილებით მეტ ფასეულობას წარმოადგენს...

ეჭვი არ შემპარვია, რომ ქეი პატარკაციშვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. დავთანხმდი, აქციები გადამეყვანა მის სახელზე. ეს გარიგება საჭიროებდა ნოტარიულ დამოწმებას. ქეიმ მაცნობა, რომ ნოტარიუსი წინასწარ იყო გაფრთხილებული. მე და ქეი დავით ასათიანის თანხლებით გამოვცხადდით სანოტარო კანტორაში, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე. რადგან მუდმივი თვალთვალის ობიექტი ვიყავი, ჩემს მანქანას მოჰყვებოდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა თანამშრომლების მანქანა...

2008 წლის 22 თებერვალს დამირეკა ინა გუდავაძემ. გავიგე, რომ არც ის და არც ოჯახის სხვა წევრები არ იყვნენ საქმის კურსში JMG აქციებთან დაგეგმილ გარიგებასთან დაკავშირებით და არც ნებართვა მიუციათ ვინმესთვის და არც ხსენებული დოკუმენტის შესახებ იცოდნენ... ფაქტობრივად JMG აქციების გაყიდვა მოხდა იძულებით. ერთ-ერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ხელისუფლებაში "ოცნების" მოსვლის შემდეგ, ასათიანმა ახალ მმართველობასთან ურთიერთობა მანანა კობახიძის დახმარებით დაალაგა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ასათიანს გავლენა აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებზე - გიორგი სულაკაძესა და ბესარიონ სისვაძეზე.

არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი - გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციაში მისი ლობისტი დავით ლანჩავაა, რომელიც სრულად აკონტროლებს მმართველ საბჭოს. ლანჩავას სახელი კი, ავთანდილ (ჭუტა) წერეთლისა და ფრიდონ ინჯიას საქმეებსა და არაბი ბიზნესმენისთვის სიგარეტის ქარხნის წართმევის საქმეს უკავშირდება. მეგობარ დიმიტრი გაბუნიას მეშვეობით, ასათიანი ასევე კავშირზეა ზვიად ჯანყარაშვილთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ასათიანის მეშვეობით მსხვილი ფინანსური ჯგუფები სასამართლოში მარტივად აგვარებენ პრობლემებს. ასევე ხშირია ფაქტები, რომ ფინანსური დავები გვარდება შპს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ „ლიეგისტში“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავად ასათიანია; იგი ასევე ფლობს 40%-იან წილს შპს „ასათიანი და ადვოკატებში“; ასევე იყო, დაინტერესებული პირი შპს "კუპრეიშვილი ჯორჯია", რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ზაზა გორგიჯანოვს და ანდიჟან მოისეევს ეკუთვნის. ამბობენ, რომ ასათიანის კომპანიები ხელისუფლების განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს. თავად კანდიდატი კიაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების კრიტიკას გააგრძელებს. მან საზოგადოებას უკვე გუნდიც წარუდგინა დასაარჩევნო პროგრამაც. ამბობს, რომ განახლებულ გუნდში გამოცდილ ადვოკატებთან ერთად, ბევრი ახალგაზრდა, ახალი სახეა და იმედი აქვს, მათთან ერთად აუცილებლად მიაღწევს მთავარ მიზანს: "4 წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში აქტიურად ვიყავი ჩართული ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებაში საერთაშორისო მიმართულებით და საკანონმდებლო კუთხით. რა თქმა უნდა, ამ კურსს გავაგრძელებთ. გამარჯვების შემთხვევაში, ვგეგმავ, გავაძლიეროთ ადვოკატის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მისი როლი საზოგადოებასა თუ მართლმსაჯულებაში".

დავით ასათიანს გამარჯვების იმედი აქვს, ისევე, როგორც დანარჩენ სამ კანდიდატს. ვინ მიიღებს ადვოკატთა 50%-ზე მეტის ხმას, 9 დეკემბერს გამოჩნდება. მომდევნო ეტაპი კი იმას გვიჩვენებს, იქნება თუ არა მოწადინებული ასოციაციის ახალი თავმჯდომარე, ადვოკატებმა საზოგადოებაში მართლაც ღირსეული როლი შეასრულონ, ეპითეტი - "პრივილეგირებული, მოსყიდული ადვოკატი", წარსულს ჩაბარდეს და ისიც აღარავინ თქვას, რომ საქართველოში, იურისტების ნაწილი იურიდიულ კაზუსებს სათავისოდ "კითხულობს", ქოთანს ყურს რომელი მხრიდანაც უნდა იმ მხრიდან მიაბამს და თუ დასჭირდა, ადვოკატად ეშმაკსაც დაუდგება.