ცესკო ორი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 14:42 · 5 ნახვა
ცესკო ორი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

საარჩევნო საკითხთა მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმზე ცესკომ ჯილდო ორ ნომინაციაში -"მოქალაქეთა ჩართულობა“ და „საარჩევნო კონფლიქტების მართვა“ მიიღო. იორდანიაში ორგანიზებულ ცერემონიაზე საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოები ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადაეცა.

"მოქალაქეთა ჩართულობის“ ჯილდო ცესკომ პროექტისთვის „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ მოიპოვა. პროექტი საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით განახორციელა. ამ ნომინაციაში ფინალისტთა შორის ასევე იყვნენ ბულგარეთის, ინდოეთის და ბოცვანის საარჩევნო ადმინისტრაციები. 

"საარჩევნო კონფლიქტების მართვაში“ ჯილდო კი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისთვის გადაეცა. პროექტი, რომელიც 2016 და 2017 წლების არჩევნებისთვის განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობასა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნას ითვალისწინებდა. ნომინაციაში ფინალისტთა შორის საქართველოსთან ერთად არგენტინა, ავღანეთი და კოლუმბია იყვნენ.

საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია უკვე რამდენიმე წელია საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება.

მე-15 სიმპოზიუმზე, რომელიც იორდანიაში 4-5 დეკემბერს გაიმართა, სხვადასხვა აქტუალური საარჩევნო საკითხები განიხილეს. ღონისძიებაში თამარ ჟვანიასთან ერთად ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წელს უკვე მეოთხედ გახდა. პირველი ჯილდო ცესკოს სწავლების ცენტრმა ნომინაციაში - ”პირველი ამომრჩეველი” - 2013 წელს მოიპოვა. 2015 წელს საარჩევნო ადმინისტრაცია "არჩევნების მართვის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული, 2016 წელს კი ცესკო ორ ნომინაციაში - "უმცირესობების ჩართულობა“ და "მოქალაქეების ჩართულობა“ ფინალისტთა შორის იყო და გამარჯვება „უმცირესობების ჩართულობის“ ნომინაციაში მოიპოვა.

ამასთან, 2017 წელს, საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. თამარ ჟვანიას ჯილდო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტმა გადასცა.