სტუდენტების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებული სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 16:23 · 9 ნახვა
სტუდენტების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებული სხდომა გაიმართა

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, დღეს პარლამენტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებული სხდომა გაიმართა.

 

„ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდებს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში. სტუდენტობა ჩვენი მომავალია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი აუცილებლად იქნება მომავალში აქ, ჩვენს ადგილზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სასამართლო ხელისუფლებაში ან სხვა მიმართულებით, მაგრამ სადაც არ უნდა მუშაობდეთ, კარგად უნდა იცოდეთ, პირველ რიგში, საკუთარი და შემდეგ - სხვისი უფლებები“, - მიმართა ახალგაზრდებს სოფო კილაძემ.

 

„ადამიანის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი არის სწორედ სხვათა უფლებები. ჩვენ თუ გვინდა სოლიდარული სახელმწიფო, სოლიდარული საზოგადოება, ბუნებრივია, ერთმანეთის უფლებებს პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

 

მისი მოსაზრებით, დღევანდელი იმიტირებული სხდომა საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ ახალი კონსტიტუციის შესახებ.

 

„ახალი კონსტიტუცია, დარწმუნებული ვარ, საფუძველს დაუდებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეს საფუძველი ახალგაზრდებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

იმიტირებულ სხდომაში მონაწილე სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა კუთხით სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. ჟიურის მიერ საუკეთესო მონაწილედ 2 ახალგაზრდა დასახელდა - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ზაზა ზანგურაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა გომელაური. გუნდებს შორის გამარჯვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულები ღონისძიების მხარდამჭერებმა: გამომცემლობა „იურისტების სამყარომ“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIძ) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) პროგრამამ - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PღOLოG) დააჯილდოეს. იმიტირებული სხდომის თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებმა კომიტეტის წევრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.