მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერებისას ცალკე სტანდარტები იმოქმედებს
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 13:08 · 69 ნახვა
მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერებისას ცალკე სტანდარტები იმოქმედებს

ტექდათვალიერებისას მარჯვენასაჭიან ავტომობილებისთვის სტანდარტული შემოწმების გარდა, სავალდებულო ხდება სპეციალური სტიკერების გამოყენება, რომელიც მაშუქებს ეხება, ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განუცხადა.

„კერძოდ, რადგან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შუქი მარცხნივაა მიმართული, შემხვედრ მანქანას რომ ხილვადობის პრობლემა არ შეექმნას, სტიკერი შუქს წინაღობას შეუქმნის“,- აცხადებს ხმალაძე.

ყველაზე პრობლემატურ თემად მიხეილ ხმალაძე გადატანილი საჭის მქონე ავტომობილებს ასახელებს და აცხადებს, რომ მათ შემთხვევაში ცალკე შემოწმების სტანდარტები იმოქმედებს,რაც თვის ბოლოს გახდება ცნობილი, თუმცა ზოგადი პრინციპი ასეთი იქნება: რადგან სახელმწიფო ვერ გააჩერებს ასეთ მანქანებს, სხვა პარამეტრებზე სტანდარტული შემოწმება ჩატარდება, საჭის მექანიზმზე კი ცალკე სტანდარტი იმოქმედებს - თუ აღმოჩნდება, რომ საჭე უხარისხოდაა გადატანილი და მომატებულ საფრთხეს შეიცავს, ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, თუმცა გამოსწორებისთვის დრო მიეცემა. თუ სერიოზული საფრთხე აღმოჩენილი არ იქნება, სხვა პარამეტრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება ტექდათვალიერებას წარმატებით გაივლის.

ჯარიმების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიციაა. ტესტირების ცენტრი ვალდებული იქნება, ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა.

მიხეილ ხმალაძე ხასზ უსვამს, რომ ავტომობილის ასაკი არ იქნება განმსაზღვრელი, გაივლის თუ არა ის ტექდათვალიერებას, და ეს მხოლოდ მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ხარვეზების გამოსასწირებლად ავტომფლობელს საშუალოდ 1 თვიანი ვადა მიეცემა, თუმცა თუ ხარვეზი სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხო მოძრაობას, ეს ვადა შემცირდება.

საქართველოში მილიონ 200 ათასი რეგისტრირებული ავტომობილია. სავალდებულო ტექდათვალიერება მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ტეგები