საპენსიო რეფორმის კანონპროექტი პარლამენტში დეკემბრის ბოლოს შევა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 13:14 · 16 ნახვა
საპენსიო რეფორმის კანონპროექტი პარლამენტში დეკემბრის ბოლოს შევა

„ჩვენ გვაქვს დასკვნითი შეხვედრები, რათა შევაგროვოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან რეკომენდაციები და ავსახოთ ისინი კანონპროექტში“, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმის თემაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართული კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. „ჩვენ პრაქტიკულად გამოვაქვეყნეთ, საპენსიო რეფორმის კანონპროექტი. ჩვენს ვებგვერდზე ის უკვე ხელმისაწვდომია. ვთვლით, რომ ორი კვირის განმავლობაში მზად ვიქნებით, რომ აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას გადავუგზვანოთ, ხოლო თვის ბოლოსთვის კანონპროექტი პარლამენტს წარვუდგინოთ“,- აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

რაც შეეხება ცვლილებებს, რომელსაც მთავრობა კანონპროექტში გეგმავს, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ამ მიმართულებით რამდენიმე სიახლეა. მისი განმარტებით, ცვლილებების მიზანი, რეფორმის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო ამაღლება და რისკების გათვლაა.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, პროფკავშირების წარმომადგენლები და ევროპელმა ექსპერტები დაესწრნენ. 

1 ოქტომბერს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს.

ტეგები