გორში იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 13:20 · 42 ნახვა
გორში იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნა

გორში იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მერიის ინფორმაციით, სკვერი საზეიმო ვითრებაში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, პოლონეთის ქალაქ კარტუზის მერმა მიაჩესლავ გალუმცკიმ და გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა ერთობლივად გახსნეს.

 

მშენებლობის სამუშაოები, რომლის ღირებულემაც 95 984 ლარი შეადგინა, პოლონეთის მხარემ დააფინანსა. 2016 წელს ადგილობრივ თვითმმართველობას გრანტის მოძიებაში პოლონეთის ქალაქ კარტუზის მუნიციპალიტეტი დაეხმარა.

 

სკვერის გახსნის ცერემონიას ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელებმაც შიდა ქართლის გუბერნატორსა და გორის მერს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გარდა ამისა, პოლონეთის ელჩმა კოტე თავზარაშვილს პროექტის განხორციელებისთვის პოლონეთის კულტურის მინისტრის სამადლობელი წერილიც გადასცა.

 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო.

 

პოლონელი მარშალი იოზეფ პილსუდსკი 1921 წელს, რუსეთის ანექსიის შედეგად საქართველოდან ემიგრირებულ 300-მდე ქართველ ოფიცერს და მათ ოჯახებს მფარველობდა. პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწეს 2017 წლის 5 დეკემბერს 150 წელი შეუსრულდებოდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა სასულიერო პირი გრიგოლ ფერაძეც გაიხსენეს. ყველა აღნიშნავდა, რომ თეოლოგმა, ისტორიკოსმა, არქიმანდრიტმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ქართულ-პოლონური ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა და დღევანდელ დღემდე მოიტანა. დღეს, 6 დეკემბერს გრიგოლ ფერაძის გარდაცვალებიდან 75 წელი გავიდა.

ტეგები