"მინდა, საკუთარი თავი ცოტა ხნით დავსაჯო!" - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 14:09 · 1312 ნახვა
"მინდა, საკუთარი თავი ცოტა ხნით დავსაჯო!" - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ გაასაჩივრებს.

"თვითონ ფაქტი იმდენად რთულია, განვიცდი და მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო, საზოგადოებისგან იზოლირება მინდაო", - ამბობს ბრალდებული.

ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, ბრალდებულს, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამა და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, "საზოგადოებისგან იზოლირება უნდა".

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა, თუმცა აქვე, ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ ბრალდებული აპირებდა პოლიციაში მისვლას შვილთან ერთად, რათა მომხდარის შესახებ განეცხადებინა.

გარდა ამისა, დღესვე გაირკვა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებს. ადვოკატი მერაბ მამულაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე არ გაასაჩივრებს.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

ტეგები