ირაკლი კობახიძე „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების საერთაშორისო ასოციაციის“ თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 14:36 · 13 ნახვა
ირაკლი კობახიძე „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების  საერთაშორისო ასოციაციის“ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების  საერთაშორისო ასოციაციის“ (SKL International) თავმჯდომარეს, მარი-ლუი რონნმარკს შეხვდა.

შეხვედრაზე დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარებისა და ამ მიმართულებით, რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში ამ მხრივ არსებული გამოწვევებიც განიხილეს. მარი-ლუი რონნმარკმა ქართულ მხარეს შვედეთის გამოცდილება გააცნო.

 „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების საკითხთა საერთაშორისო ასოციაციის“ თავმჯდომარემ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა დაადასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ირინა ფრუიძემ განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში დეცენტრალიზაციის მიმართულებით  ნაბიჯების გადადგმა იგეგმება და ამ მხრივ, დღეს გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარესთან საუბრისას სხვადასხვა მიმართულებით დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.

„გავმართეთ შეხვედრა შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციასთან. მათ დეცენტრალიზაციის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციაზე, გვაქვს უახლოეს მომავალში გეგმები, რომ ამ მიმართულებით სერიოზულად წავიწიოთ წინ.  ორგანიზაცია დაგვპირდა დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, კომპეტენციების გაზრდის მიმართულებით. ვისაუბრეთ, თუ როგორ არის ფინანსური გადანაწილება ადგილობრივ რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე, შემოსავლები, გადასახადები, ასევე, როგორ ხდება ხარჯების გადანაწილება.  შვედეთში, ძირითადად, მუნიციპალურ დონეზე, ხარჯების დიდი ნაწილი განათლებაზე იხარჯება, ხოლო რეგიონულ დონეზე დიდი ნაწილი იხარჯება ჯანდაცვაზე. ჩვენთვის ეს საკმაოდ საინტერესო მოდელია, ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკურ დონეებზე, თუ როგორ არის გადანაწილებული უფლებამოსილებები. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დავგეგმავთ“,- აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, თვითმმართველობების გაძლიერების მიმართულებით ჩვენს ქვეყანას გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.  დეპუტატმა შვედეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით, თვითმმართველობების გაძლიერების და რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს და შვედეთის გამოცდილების გაზიარება, შვედეთის მხრიდან კონკრეტული დახმარების გაწევა იმისთვის, რომ გაძლიერდეს ინსტიტუტები საქართველოში, რეალურად უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობების, როგორც ფინანსური, ისე კომპეტენციების თვალსაზრისით, იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ტეგები