ერდოღანმა იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარება მოითხოვა
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 14:05 · 15 ნახვა
ერდოღანმა იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარება მოითხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა იერუსალიმის "პალესტინის ოკუპირებული სახელმწიფოს" დედაქალაქად აღიარება მოითხოვა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. სააგენტო Andalou-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა სტამბოლში „ისლამური თანამშრომლობის“ ორგანიზაციის (OIC) რიგგარეშე სამიტის გახსნისას ისაუბრა.

მან ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა. "ტრამპმა ეს ჯილდო მხოლოდ ისრაელს გადასცა", - განაცხადა ერდოღანმა. "აშშ-ის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი (ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმად აღიარება) პალესტინელი ხალხის დასჯის მცდელობაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ისრაელის ოკუპაციის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.

ისრაელი არის სახელმწიფო, რომელიც ტერორის პოლიტიკას ატარებს ", - განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მშვიდობას მხარს არ უჭერს.

თურქეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს . მისი თქმით, ისლამური ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პალესტინა დიპლომატიურ სფეროში მთლიანად წარმოდგენილი იყოს. "აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე OIC-ს სამიტის ბოლოს უნდა გამოცხადდეს ", - დასძინა მან.