კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თბილისის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 15:20 · 18 ნახვა
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თბილისის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს

დედაქალაქის საკრებულო გაერთიანებულ კომიტეტებზე თბილისის მერის მიერ 2018 წლის  კორექტირებული პროექტის განხილვას დღეს იწყებს. თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის საკრებულო წარდგენილ პროექტს მხარს დაუჭერს.

"მგონია, რომ დედაქალაქის საკრებულო ჩვენ მიერ წარდგენილ პროექტს მიიღებს, რადგან მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ წინა საარჩევნოდ განვაცხადეთ. 

მოსახლეობის უმრავლესობამ "ქართული ოცნებისა" და ჩემ მიერ წარდგენილ საარჩევნო პროგრამას მხარი დაუჭირა. ჩვენ ვალდებული ვართ აუცილებლად განვახორციელოთ ეს პროექტები და შესაბამისად 2018 წლის ბიუჯეტში ასახულია ეს პროექტები, რომელიც უნდა განვახორციელოთ.

2018 წლიდან ბევრი პროექტის დაწყებას ვაპირებთ. უკვე დავიწყეთ ორბელიანის მოედნის განახლება. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას, საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობას.  ასე რომ ძალიან ბევრი პროექტი იქნება. 2018 წელი იქნება განსაკუთრებული", - განაცხადა კახა კალაძემ.