პრემიერი: ადამიანის თავისუფლებების კუთხით მიღწეული პროგრესი, ჩვენი უმთავრესი მონაპოვარია
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 15:52
პრემიერი: ადამიანის თავისუფლებების კუთხით მიღწეული პროგრესი, ჩვენი უმთავრესი მონაპოვარია

ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ჩვენ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შედეგებით, რომლებიც დღეს გაგვაჩნია და დაწყებული თანმიმდევრული რეფორმები ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადად უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყველას მიულოცა ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, 10 დეკემბერი, რომელიც იმის ხაზგასმაა, რომ ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის უმთავრესი ღირებულებაა. 

„მომავალ წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 70 წელი უსრულდება. 1948 წელს მიღებულ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ჯერაც არ დაუკარგავს აქტუალობა და მისი სულისკვეთება და პრინციპები დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო 70 წლის წინ. ჩვენი ხელისუფლება ერთგულია ამ ღირებულებების და ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც თითოეული ადამიანის უფლებებია დაცული. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის და პარლამენტისთვის, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის პრინციპების განმტკიცება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჩვენი საერთო მიზანია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ, თვისობრივად განსხვავებულ რეალობას ქმნის ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩვენი ხელისუფლების მყარი პოლიტიკური ნების შედეგია და ამას ჩვენი მოქალაქეები, ყოველდღიურად და ყველა სფეროში ხედავენ. ეს არაერთხელაა დადასტურებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაზე საუბრობენ თანამედროვე, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანათა კონტექსტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განსაკუთრებული წუხილის საგნად რჩება ის ფაქტი, რომ დღეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აქვს საშუალება, მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს.
„შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობის გაძლიერება და აქ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ გალის რაიონი; მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა; თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა; უკანონო დაკავებები და მავთულხლართებით შუაზე გაყოფილი კარ-მიდამოები - ეს ყველაფერი არის ოკუპაციის პოლიტიკის შედეგები და რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი. საქართველოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საჭიროებებზე. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური თუ სამშვიდობო ძალისხმევა, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და გაუმჯობესდეს ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება“, - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლებას მუდმივად ეხმარებიან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რეფორმების გატარებაში; ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს ოფისს საქართველოში და ყველას, თითოეულ ადამიანს, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. 

გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული საქმიანობა უსურვა ახლად არჩეულ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. 

"ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი კანდიდატისთვის სახალხო დამცველის თანამებობაზე. მინდა, მივულოცო ქალბატონ ნინო ლომჯარიას ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მინდა, წარმატება გისურვოთ, ქალბატონო ნინო, ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე", - მიმართა პრემიერმა სახალხო დამცველს.

მთავრობის მეთაურმა ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმების გაგრძელების პროცესში ფართო ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

"ხელისუფლება ვერ იქნება წარმატებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე და, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. ადამიანის უფლებები არის საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანა და მე დიდი იმედი მაქვს, ამ რეფორმების გზაზე ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, რათა მივაღწიოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო შედეგს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.