წალენჯიხაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს
ამობეჭდვა · 16 / 12 / 2017 00:11
წალენჯიხაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ოჯახს გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. როგორც ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია აცხადებს, საქმეში არსებულ ჩვენებებსა და სხვა მასალებში ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები იკვეთება.

“ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, ჩემდაუნებურად გადავტენე, არ ვიცი როგორ გავმოვკარი სასხლეტს ხელი, უეცრად გამივარდა, ვერც აღვიქვი, როგორ... ასევე ამბობს, რომ ხელები დაბანილი აქვს. ჩნდება კითხვა, რატომ არ იქნა 20 საათამდე დაკითხული ეს პირი, მაშინ, როცა, გამოძიების ვერსიით, გასროლა 13:30სთ-დან 14:00-მდე მოხდა. ასევე, კითხვა გვაქვს, რატომ არ არის ამოღებული დენთის კვალი, რატომ მიეცა უფლება, რომ დაებანა ხელები და დენთის კვალი, როგორც მტკიცებულება, გამქრალიყო. შეუსაბამობებია დროსთან დაკავშირებითაც“, - აცხადებს შონია.

მისივე განმარტებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება ხელს კონკრეტულ პირს აფარებს და კატეგორიულად მოითხოვს მის დასჯას. გარდა ამისა, იარაღი, რომლიდანაც გაისროლეს არა ბრალდებულის, არამედ ოფიცრის საკუთრება იყო.

ოჯახის ადვოკატმა საქართველოს მთავარ პროკურორს ოფიციალური წერილით მიმართა და საქმის გამოძიების სხვა კუთხით წარმოების დაწყება მოითხოვა. როლანდ შონიას მტკიცებით, აღნიშნულ საქმეში სიცოცხლით გაუფრთხილებლობით მოსპობაზე ბევრად მძიმე დანაშაული მეტი ადამიანის მონაწილეობით იკვეთება.

შეგახსენებთ, რო, გამოძიების ვერსიით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ჯარისკაცი, 26 ოქტომბერს სოფელ მუჟავაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანხმლები მესაზღვრის პირის ტყვიამ იმსხვერპლა. გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ტეგები