1 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე ჭკვიანმა კამერებმა 26 452 ვიდეოჯარიმა დააფიქსირეს
ამობეჭდვა · 19 / 12 / 2017 10:07
1 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე ჭკვიანმა კამერებმა 26 452 ვიდეოჯარიმა დააფიქსირეს

შსს ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 26 452 ვიდეოჯარიმა დააფიქსირეს.

ყველაზე მეტი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაიწერა. 10 ქალაქში დამონტაჟებულმა ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა აღნიშნულ პერიოდში დაშვებულზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობის 9 433 შემთხვევა დააფიქსირეს. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

8016 ვიდეოჯარიმა დაიწერა საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის წესების დარღვევის, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობაზე, რამაც საგზაო მოძრაობა შეაფერხა ან საშიშროება შეუქმნა მოძრაობის უსაფრთხოებას.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 3499 ჯარიმა გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევაზე დაიწერა.

ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 2 322 მძღოლი დააჯარიმეს ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია" და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობის გამო.

რაც შეეხება ღერძულა ხაზის გადაკვეთას, ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა აღნიშნული სამართალდარღვევის 1746 ფაქტი გამოავლინეს. 525 ჯარიმა კი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის დაიწერა.

1 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა ასევე უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის 55, მობილურ ტელეფონზე საუბრის 125, ქვეითებთან მიმართების საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 283, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნის 255 და დაშვებულის სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბების 153 ფაქტი დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი სამართალდარღვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, თბილისში 15 542 ვიდეოჯარიმა გამოიწერა.

ვიდეოჯარიმების რაოდენობით ასევე გამოირჩევა გორი, თუმცა აღსანიშნავია, რომ გორში ჯარიმები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაიწერა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ქუთაისში 3 232 ვიდეოჯარიმა, ხარაგაულში 936, ბათუმში 694, სამტრედიაში 318, ხაშურში 453, მცხეთაში 58, ხევლაჩაურში 6, ხოლო თელავში 4 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ხაშურში, მცხეთაში, სამტრედიაში, ხევლაჩაურსა და თელავში ყველა ჯარიმა მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებას ეხება.

ტეგები