დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პერსონალური გამოფენა "კარლო კაჭარავა დღეს" გაიხსნება
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2017 10:03 · 18 ნახვა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პერსონალური გამოფენა "კარლო კაჭარავა დღეს" გაიხსნება

20 დეკემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა „კარლო კაჭარავა დღეს“ გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ექსპონატების უმრავლესობა ტილოზე შესრულებული ნამუშევრებია. ერთი დარბაზში წარმოდგენილი კარლო კაჭარავას 1988 წლის ნახატი „გენერალი“ და ამ თემაზე შექმნილი სხვა რომანტიკული პორტრეტები.  მეორე დარბაზში განთავსებული ნახატები დღეს თბილისში მცხოვრები და მომუშავე სამი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებთან ერთადაა წარმოდგენილი. ამ სამი ხელოვანისა და კარლო კაჭარავას  შემოქმედების  დიალოგი ორივე მხარისათვის ახალ კონტექსტს ქმნის. კარლო კაჭარავა წერდა და ხატავდა 90-იანი წლების დასაწყისის სოციალურ თემებზე, დახურულ ფაბრიკებსა და ქარხნებზე. ნინო ქვირივიშვილის ვიტრინაში გამოფენილი ნივთების ინსტალაცია მიტოვებულ ქარხნებსა და ფაბრიკებში  მომუშავე ხალხისა და მათი ოჯახების ისტორიის მემორიალია. 

2017 წლის გაზაფხულზე კარლო კაჭარავას ნამუშევრები ნიუ იორკში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას. გამოფენის ერთ-ერთ მიმოხილვაში ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა მის ნახატს კარენ კილიმნიკის პანკური შემოქმედების წინამორბედი უწოდა. ამერიკელმა აუდიტორიამ იქამდე უცნობი კაჭარავა ჟურნალ „არტფორუმის“ საშუალებით სწორედ ამ ფრაზით და ვიზუალური მინიშნებით გაიცნო. 

კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენაში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების ჩართვა მუზეუმის დამთვალიერებელს მსგავს ვიზუალურ და კონცეპტუალურ მინიშნებებს სთავაზობს. 

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის ფოტოები, ნინო ქვრივიშვილის, ლევან ჭელიძისა და გიორგი ხანიაშვილის ნამუშევრები. გამოფენის კურატორია ირინა პოპიაშვილი.

ტეგები