პრემიერი გია გაჩეჩილაძესთან დაპირისპირებაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2017 16:18
პრემიერი გია გაჩეჩილაძესთან დაპირისპირებაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან დაპირისპირების შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.  კვირიკაშვილი ხსნის თუ რატომ გამოეხმაურა გაჩეჩილაძის ბრალდებებს. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ ის მეგობარს დაეხმარა.

"ამ დისკუსიაში იმიტომ შევედი, არ მინდოდა ვინმეს ჰგონებოდა, რომ ჩემს მეგობარს რამეში დავეხმარე. შეურაცხმყოფელი  განცხადებები,  რომ არ ყოფილიყო, საზოგადოებისთვის განვმარტე და ვთქვი, რომ ამ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელბა სასამართლოს აქვს. ჯანდაცვის ტენდერში თუ დარღვევები იყო, მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო. მიუღებელია,როცა ჩემს მიმართ გამოითქვა დადებითი სიტყვები და ჩვენი გუნდის წევრის მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები  გაკეთდა. ამ ტენდერთან მიმართებაში დავამთავრე ჩემი კომენტარები და ჩარევა ამ საკითხში მას შემდეგ, რაც მოვიკითხე და მითხრეს, რომ ყველაფერი ამ ტენდერში კანონიერია,  ჩემი ჩარევა იქ დამთავრდა,“-განაცხადა პრემიერმა.

გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილმა  გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ტეგები