ფოტოგამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნა
ამობეჭდვა · 22 / 12 / 2017 22:39 · 27 ნახვა
ფოტოგამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნა

სახელწოდებით: „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე დაესწრო. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ხორციელდება.

გამოფენის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს XX საუკუნის საქართველოს მიღწევები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ისტორიული ინტელექტუალური პოტენციალის, სახელმწიფოს ფორმირებისა და ქართველი მეცნიერების მიერ მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში შეტანილი წვლილის შესახებ.

გასულ საუკუნეში, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობდა დასავლეთის ქვეყნებთან ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსების გაცვლის კუთხით. ქვეყნის შიგნით იქმნებოდა ინოვაციები და შენდებოდა მაღალტექნოლოგიური სტრატეგიული ობიექტები. ქართული მეცნიერება წარმოადგენდა ევროპული სამეცნიერო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. შესაბამისად, საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, როგორც თანამედროვე დასავლური სახელმწიფო.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფოტომასალა ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. ასევე, ასახულია საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი გამოგონებებისა და ტექნოლოგიური პროექტების ამსახველი უნიკალური ფოტოები.

ტექნოლოგიების განვითარება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია, რადგან 21-ე საუკუნეში ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს დიდ წილად განაპირობებს თუ რა ინოვაციებს და ტექნოლოგიებს ქმნის ქვეყანა. შესაბამისად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით, 2013-2019 წლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საინჟინრო-ტექნოლოგიური განათლების ხარისხის განვითარებას და ამ დარგებში საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მომზადებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

 

ტეგები