„შევცდით, მაგრამ ისევ ქართული კალათბურთისთვის“ - ე.წ. ჩაწყობილ თამაშებზე ბრალდებული მწრთვნელი
ამობეჭდვა · 23 / 12 / 2017 20:03
„შევცდით, მაგრამ ისევ ქართული კალათბურთისთვის“ - ე.წ. ჩაწყობილ თამაშებზე ბრალდებული მწრთვნელი

ე.წ. ჩაწყობილ თამაშებზე ბრალდებულმა ვაჟა კვარაცხელიამ სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კალათბურთის მწვრთნელების რთულ სამუშაოზე და დაბალ ანაზღაურებაზე ისაუბრა.

"მთელი ცხოვრება ვემსახურები საქართველოს. 30 ათასზე მეტი ბავშვი გავზარდე. ნახეთ ფინანსური მდგომარეობა როგორია ჩვენი: ხელფასები არ არის, დაგვატერორეს, ადამიანი ცდება და ყველაფერზე მიდის. დარბაზი არ გაგვაჩნია, სკოლის დარბაზში 1600 ლარს გვახდევინებენ, დატერორებული ვართ და შევცდით, კი ბატონო, მაგრამ ისევ ქართული კალათბურთისთვის არსად გამქცევი არ ვართ, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ფაჩულია მილიონერია და კაპიკი არ ჩადო ქართულ კალათბურთში", - განაცხადა ბრალდებულმა.

მის სიტყვას დარბაზის ნაწილი ტაშით შეხვდა, რის გამოც მოსამართლემ დარბაზის წევრები გააფრთხილა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

სრულიად გავაცნობიერე რაც მოხდა. სასამართლოს ვთხოვ გაითვალისწინოს ეს, მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და ერთი სიტყვით, ძალიან ვნანობ ყველაფერს", - აღნიშნა სხდომაზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ბერიშვილმა.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი თავს დამნაშავედ ცნობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება. როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36 ათსი ლარი აიღეს.

ტეგები