პარასპორტის განვითარების ცენტრმა მეგობრულ ტურნირს უმასპინძლა
ამობეჭდვა · 25 / 12 / 2017 15:46 · 14 ნახვა
პარასპორტის განვითარების ცენტრმა მეგობრულ ტურნირს უმასპინძლა

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები.

ტურნირის დაწყებამდე მონაწილეებსა და ღონისძიების სტუმრებს მიხეილ გიორგაძემ მიმართა. მინისტრმა ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობასა და ქართული პარასპორტის ბოლოდროინდელ მიღწევებზე, ამასთან აღნიშნა რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს პარასპორტსმენებს.   

პარლამენტის წევრები თავდაპირველად მჯდომარე ფრენბურთელებს დაუპირისპირდნენ. გუნდი წარმოდგენილი იყო საქართველოს ნაკრების მოთამაშეებით. თავის მხრივ, ნაკრები დაკომპლექტებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებით. 2017 წელს ისინი კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული „ძლიერთა თამაშები 2017"-ის (Invictus Games) გამარჯვებულები გახდნენ.       

ტეგები