მამუკა გორგოძე ექვსი თვე ვერ ითამაშებს - კაპიტნის გამოსამშვიდობებელი მატჩის თარიღიც გადაიწევს
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2017 18:38 · 106 ნახვა
მამუკა გორგოძე ექვსი თვე ვერ ითამაშებს - კაპიტნის გამოსამშვიდობებელი მატჩის თარიღიც გადაიწევს

2017 წლის მარტში ბორჯღალოსნების კაპიტანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ქართველ გულშემატკივრებს დაემშვიდობა. გორგოძეს გამოსამშვიდობებელი მატჩი არ გაუმართავს და და ეს ღონისძიება 2018 წლის მარტში რუმინეთის წინააღმდეგ იგეგმებოდა, თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით ტულონის ერთ-ერთი ლიდერი თამაშს 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს, მიზეზი კი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმაა. ქართველი მორაგბე ვარჯიშის დროს, სიმძიმეების აწევისას, დაშავდა, მან მკერდის კუნთი დაიზიანა. შესაბამისად მამუკა გორგოძის გამოსამშვიდობებელი მატჩის თარიღიც გადაიწევს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გორგოძემ 71 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 13-ში კაპიტანი იყო. მისი დებიუტი 2003 წელს ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში შედგა, როდესაც ის შეცვლაზე გამოვიდა. იმ დროიდან გორგოძეს ქვეყნის მთავარ გუნდში მუდმივად იბარებდნენ.

გორგოძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი მელელოვეა — მას 26 ლელო აქვს გატანილი. საქართველოს საუკეთესო მორაგბე ექვსჯერ გახდა —2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლებში, 2011 წელს კი ის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

მონაწილეობა აქვს მიღებული სამ მსოფლიო თასზე — 2007, 2011 და 2015 წლებში. 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან.

ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გორგოძემ მარტში რუმინეთის გუნდის წინააღმდეგ ევროპის ერთა თასის ფარგლებში ჩაატარა, სადაც ქართველები რუმინელებთან დამარცხდნენ.

ფოტო: ალექსანდრე იმედაშვილი

მორაგბეთა ყოფილი კაპიტნის ტრავმას გამოეხმაურა კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია და მამუკა გორგოძეს გამოჯანმრთელება უსურვა.

 

წყარო

ტეგები