„მზად ვართ, პრობლემები 24-საათიან რეჟიმში გადავჭრათ“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2017 23:42
„მზად ვართ, პრობლემები 24-საათიან რეჟიმში გადავჭრათ“ - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახი კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას დედაქალაქში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„სამუშაო ძალიან ბევრია და მზად ვართ, პრობლემები 24–საათიან რეჟიმში გადავჭრათ. ჩვენ დღეს კონკრეტული, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, რაც შესაძლოა, ხშირად მტკივნეული აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ქალაქისთვის აუცილებელია“, - განაცხადა კალაძემ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ახალი ხელმძღვანელობის მიერ წინა ხელმძღვანელობის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნა მის მიმართ უნდობლობას, კახი კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვადასხვა სამსახურის შემოწმება ნორმალური პროცესია.

„მერია ძალიან დიდი სტრუქტურაა, თავისი შპს–ებით, აიპ–ებითა და სიპ–ებით, სადაც 22 500 ადამიანი მუშაობს, ამიტომ ყველა სამსახურზე ერთ კონკრეტულ ადამიანს, თუნდაც მერს, სრულყოფილი ინფორმაცია ვერ ექნება. სხვათა შორის, სანამ უფლებამოსილებას ოფიციალურად შევუდგებოდი, რამდენიმე სამსახურში სახელმწიფო აუდიტის სამსახური უკვე შესული იყო და კონკრეტულ სამსახურებს ამოწმებდა. ჩვენ უბრალოდ სხვა სამსახურების შემოწმებაც მოვითხოვეთ. ზოგადად, კარგია, როცა მონიტორინგი ხორციელდება და ეს ასეც უნდა იყოს“, – განაცხადა კახი კალაძემ.
 

ტეგები