მიხეილ ნარიაშვილი - წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე
ამობეჭდვა · 02 / 01 / 2018 12:45
მიხეილ ნარიაშვილი - წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე

2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე ბორჯღალოსსანი და ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი გახდა.
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, წელს საუკეთესო მორაგბე და საუკეთესო ლელო გულშემატკივართა შორის რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, ხუთ-ხუთი ნომინანტი კი ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა.

ხალხის რჩეული
წლის მორაგბის ტიტულისთვის მიხეილ ნარიაშვილი, მერაბ შარიქაძე, ლაშა ლომიძე, ჯაბა ბრეგვაძე და ბექა ბიწაძე იყვნენ წარდგენილნი. ყველაზე მეტი ხმა მიიღო და შესაბამისად ხალხის რჩეული გახდა ტოპ 14-ის ლიდერის, ‘მონპელიესა’ და ბორჯღალოსნების მარცხენა ბურჯი ნარიაშვილი.

ნარიაშვილის სანაკრებო დებიუტი 2012 წლის 11 თებერვალს მადრიდში, ესპანეთთან შედგა და მას შემდეგ 47 კეპი მოიხვეჭი. 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა ოთხივე შეხვედრაში, 2012 წელს კანადას და 2016 წელს გერმანიას კი ლელოები გაუტანა. 2017 წლის მაისში ქართველ ბურჯს წვეულ გუნდ ‘ბარბაროსებში’ დაუძახეს და მსოფლიოს არაოფიციალური ნაკრების შემადგენლობაში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა.

ხმის მიცემის წესით გამოვლინდა კიდევ ერთი ნომინაციის გამარჯვებული - წლის ლელო და ხალხის რჩეული სოსო მათიაშვილის მიერ კანადასთან გატანილი მეორე ლელო გახდა.

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომელმაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ათეულში დამკვიდრდა და პლანეტის 12 უძლიერეს გუნდს შორის ზედიზედ მესამედ თამაშის უფლება მოიპოვა, წლის ახალგაზრდულ ნაკრებად დასახელდა.

2017 წლის საუკეთესო ქალი მორაგბე თიკა პაპუაშვილი გახდა, რომელმაც წლის განმავლობაში 9 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და 13 ლელო გაიტანა.

2017 წელს ბორჯღალოსნების საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი გახდა, რომელმაც 11-იდან 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ლელო ერთბაშად ოთხმა მორაგბემ გაიტანა: სოსო მათიაშვილმა, გიორგი კოშაძემ, გიორგი თხილაიშვილმა და ბექა გორგაძემ.
 

ტეგები