2017 წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ამობეჭდვა · 05 / 01 / 2018 15:46
2017 წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, იანვარი - დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938  (+118.3%) შედგა. 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - დეკემბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო (39.9%),  ნიდერლანდები (31.1%), ესპანეთი (29.9%), საფრანგეთი (29.6%) და გერმანია (25.7%). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (316.1%), საუდის არაბეთი (164.6%), ქუვეითი (154.3%), ირანი (118.3%), ინდოეთი (64.1%), ჩინეთი (54%) და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს 600,004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113,402-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +23.3%).

დეკემბრის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 234,969 შეადგინა, რაც 56,591-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +31.7%).

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით,  უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შემოსავალი შეადგენს 2,174,481,448 დოლარს (ზრდა +29%), რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა. აქაც  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  +30.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში.

ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.

სარეკლამო კამპანიები : BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia.

99 საერთაშორისო პრესტური (საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი)

14 ინფოტური (საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი)

საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes,  Le Monde, The Independent, The Guardian,  Elle, Observer,  Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და ა.შ.

"შემოსავლების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი  ზრდა. თუ 2016 წელი იყო პირველი წელი, როდესაც შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან  2 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია, 2017 წლის ბოლოს ქვეყანამ უკვე 2.7  მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მივაღწევთ 2 მნიშვნელოვან ციფრს:  პირველად გვეყოლება 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს"-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ტეგები