კახა კალაძემ მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცა
ამობეჭდვა · 07 / 01 / 2018 10:04 · 7 ნახვა
კახა კალაძემ მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მორწმუნეებს შობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ზეიმობს შობის დღესასწაულს, დღესასწაულს, რომელიც არის სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის, იმედის ზეიმი და ჩვენ ჩვენი არსით, ჩვენი მრწამსით, ჩვენი ცხოვრებისეული წესით უმდა ავირჩიოთ გზა, რომელიც არის მაცხოვრის გზა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შეაფასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეპისტოლეში ყურადღება იყო გამახვილებული ნარკოპოლიტიკაზე. ეს არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ვეთანხმები იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნარკოპოლიტიკის შემუშავებისას ძალიან ძირფესვიანად იქნას შესწავლილი არსებული პრობლემები, არსებული რეალობა და ამ ყველაფრის შესაბამისად იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მე მზად ვარ, იმისთვის რომ ახალგაზრდებთან ერთად ჩავერთო იმაში, რომ პოპულარიზაცია გავუწიო ჯანსაღი ცხოვრების წესს. რაც შეეხება ზოგადად, სარეაბილიტაციო ცენტრების გაკეთებას, ესეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მგონია, რომ ყველა ერთად შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტეგები