თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების არსებული ფორმის გადახედვა მოითხოვა
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2018 11:49
თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების არსებული ფორმის გადახედვა მოითხოვა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმისა და მისი ფუნქციების გადახედვა მოხდეს. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით, პრობლემები არსებობს. 

„მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 28 მილიონი ლარი იხარჯება, რაც მგონია, რომ ეფექტური არ არის. პრობლემები გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს. ამიტომ, ბატონ ილია ელოშვილს მინდა დავავალო, რომ მოხდეს ამ ინსტიტუციისა და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება, რათა განვითარდეს ის, როგორც მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სისტემის არსებული ფორმის ახლებურად ჩამოყალიბება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ტეგები