ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევის გამო, არჩილ თალაკვაძე 1000 ლარით დაჯარიმდა
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2018 13:20
ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევის გამო, არჩილ თალაკვაძე 1000 ლარით დაჯარიმდა

ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერო არჩილ თალაკვაძე ათასი ლარით დაჯარიმდა. თალაკვაძემ დაკისრებული ჯარიმა უკვე გადაიხადა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პირველ არხს განუცხადა და განმარტა, თუ რა სახის ხარვეზებია მისი და მისი კოლეგების დეკლარაციებში.

„ეს, მაგალითად, არის უძრავ ქონებასთან მიმართებაში. შესაძლოა, შეუსაბამობაა კვადრატულ მეტრთან დაკავშირებით. ან განსხვავებაა შემოსავლებში – 100, 200 ან 700 ლარის ოდენობით. ხარვეზია, როდესაც მითითებულია საცხოვრებელი ბინები და გამორჩენილია მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. ეს ხარვეზები გამოსწორდება მომდევნო წლებში. ჩვენ მივეცით მაგალითი ყველას, რომ საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეს სტანდარტია, რომელიც ჩვენი მმართველობის სტილს შეესაბამება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

დეპუტატის თქმით, დაკისრებული ჯარიმები მისმა კოლეგებმაც გადაიხადეს და ეს თანხა ბიუჯეტში შევიდა.

„ღია მმართველობა, საჯარო სამსახურის რეფორმა, ეს არის რეფორმა, რომელიც ჩვენი გუნდის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა პრიორიტეტი“, – დასძინა თალაკვაძემ.

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2017 წელს ათი მოქმედი და ორი ყოფილი პარლამენტარი ათას-ათასი ლარით დაჯარიმდა. საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს: არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თამაზ ნავერიანს და პაატა მხეიძეს; დამოუკიდებელ დეპუტატ რამაზ ნიკოლაიშვილს, ასევე პარლამენტის ყოფილ წევრებს თემურ მაისურაძეს და ვლადიმერ აჩბას.

ტეგები